ქართველებმა ყველის ამოყვანის მრავალგვარი ტექნოლოგია შექმნეს, რომელთაგან ზოგიერთი დღეს დაკარგულია. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში წინაპართა გამოცდილილების ნიმუში დღემდე იქნა შენარჩუნებული. მოსახლეობას სოფელში ღვინის ქვევრების გვერდით, მიწაში ყველის ქვევრებიც არის მოთავსებული. სოფლის მოსახლეობამ ყველის ქვევრებში შენახვის ტრადიცია რელიგიურ დღესასწაულს – ყველიერს დაუკავშირა.

ხანის მოსახლეობას ზაფხულში საქონელი აყავს სუბალპურ და ალპურ საზოვრებზე, რომელთა სიმაღლე 2500 მეტრამდე აღწევს. ყველიც იქ ამოყავთ და შემდეგ სოფელში ჩამოაქვთ.
„ალპური ბალეხულობის გამო სოფელ ხანის ყველს განსხვავებული გემო აქვს, ყველი ზაფხულის საძოვრებზე მხოლოდ 2-3 დღე ჩერდება, მარილწყალთან ერთად ამატებენ ყველის შრატსაც, რომელიც დაწურვის დროს გამოეყოფა, შემდეგ ყველი სოფელში ჩამოაქვთ, სახლში ამ ყველს სპეციალურ ჭურჭელში ინახავენ. მარილწყალს მთლიანად ასხამენ და ჭურს ხის სარქველით ხურავენ, ჭურისთავს კი ადგილობრივი აყალო მიწით გადაგლისავენ, ზედ მიწასაც დააყრიან, რათა სახურავიდან ჭურმა სიგრილე შეინარჩუნოს. თუ სიცხეა, ამ მიწას ცოტა წყალს მოასხამენ, ჭურს კი თავად მიწის ფენა უნარჩუნებს ტემპერატურას, რომელიც ზამთარში თბილია, ზაფხუილში კი გრილი. როგორც იმერეთის სხვა სოფლებში აგრეთვე საქართველოს სხვა რეგიონებში, ყველს თიხის ჭურჭელში ხშირად ინახავდნენ, ოღონდ არა მიწაში ჩადებულს, არამედ თიხის დერგში, გრილ სარდაფებში,“ -ამბობს თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი.