ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომლის განვითარებასაც ამა თუ იმ ქვეყანაში დიდწილად განაპირობებს შიდა სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო და ეკონომიკური განვითარების მისაღები დონე. ტურიზმის ინდუსტრიას შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისა და განვითარების გამყარებას განვითარებად ქვეყნებში, სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, გარემოს დაცვისა და კულტურათა დაახლოების გზით. ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად ასტიმულირებს სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და გონივრული კანონმდებლობის დანერგვა.
ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა საზოგადოების, მთავრობისა და უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების კოორდინირებული მოქმედება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რას ეფუძნება მისი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და გააუმჯობესოს მომსახურება. ტურიზმის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო შესაბამისი რეგულაციებითა და ინფრასტრუქტურის მოწყობით. უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება ინვესტიციებს, რომელიც წარმოადგენს მამოძრავებელ ძლას ტურიზმის განვითარებისთვის.
ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის უპირატესობებს: – განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ ნედლეული, თუმცა საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას აფუძნებენ თავიანთ კულტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, ნაკრძალებსა და ბუნებრივ პირობებზე;
– ხელს უწყობს სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის განვითარებას, კვების მრეწველობას, ახდენს შრომის ბაზრის დივერსიფიკაციას, ქმნის ტურისტულ მარშრუტებს და სამუშაო ადგილებს ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორებიც არიან: გიდები, თარჯიმნები, მზარეულები, მძღოლები, სასტუმროს მენეჯერები და მომსახურე პერსონალი და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები;
ტურიზმის ხელშემწყობი პოლიტიკა მოიცავს ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც მოიცავს გზებს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, რაც ასევე ამცირებს უმუშევრობას და ზრდის შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტში;
ორიენტირება ტურიზმის განვითარებაზე მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ისტორიული, რელიგიური და არქეოლოგიური ძეგლების დაცვასა და მოფრთხილებას, ადგილობრივი ფოლკლორის, ტრადიციების, ხელოვნებისა და სამზარეულოს დაცვასა და შენარჩუნებას;
ტურისტთა ნაკადის ზრდა საშუალებას აძლევს მოსახლეობას, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანას, ადგილზე მოახდინოს მისი პროდუქტის რეალიზაცია;
საქართველოში ეკოტურიზმის განვითარება ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტია. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში მსოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია.
ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისში არსებული ბალნეოლოგიური ცენტრი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქებს შორის, ასეთი ცენტრი მხოლოდ თბილისსა და ბუდაპეშტშია.
საქართველოში, დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება პაციენტებს საშუალებას აძლევს მრავალი დაავადებისგან განიკურნონ, მათ შორის როგორიცაა ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური და სხვა სნეულებები.
საქართველოში გაზიანი მინერალური წყლები ყველაზე გავრცელებულია. ასეთი წყლები საჭმლის მონელების სისტემის სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება.
ქვეყანაში კურორტების განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ამ პერიოდში დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი ბორჯომსა და აბასთუმანში, ხოლო მოგვიანებით მე 19 საუკუნის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე. საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო როგორც ერთ–ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები.
ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს.
ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას.
ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები ძირითადად მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, სადაც ინფრასტრუქტურა განუვითარებელია. ტურისტები არ ჩამოვლენ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამ სექტორის განვითარებისათვის, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგია.
არადა, საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს.
ekofact.com