“ღვინის დაძველება დავიწყე” – ბიოდინამიური მეურნეობა

ruispiris biodinamiuri mevenaxeoba

”რუისპირის დინამიური მეურნეობა”  ღვინოს რამდენიმეწლიანი დაძველებით ყიდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი აცხადებს, ძველი ღვინოების პირველი პარტია ბაზარზე გასაყიდად წელს პირველად გამოიტანა. 

მისი შეფასებით, გლობალურ ბაზრებზე დავარგებული (დაძველებული) სასმელების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია, ამიტომ ცდილობს, საერთაშორისო ტენდენციას ფეხი აუწყოს და მეტი სარგებელიც მიიღოს. 

”რუისპირის მარნის” ბრენდით  კომპანია  საწყის ეტაპზე 3-5 წლით დაძველებულ ღვინო ”ხიხვს”  ყიდის. ალადაშვილის თქმით, კონკრეტული ჯიში შეირჩა იმის გამო, რომ დაძველების კარგი პოტენციალი აქვს. 1 ბოთლი დავარგებული ”ხიხვის” ფასი 300 ლარია. 

მეწარმე გეგმავს, რომ  დაძველების პროცედურა გაახანგრძლივოს და მომხმარებელს სამომავლოდ 10 წლიანი ღვინოები შესთავაზოს, რომლის ფასიც რეალიზაციის პერიოდში სავარაუდოდ  1000 დოლარს მიაღწევს.
გიორგი ალადაშვილის განცხადებით, დაძველებული ღვინის ექსპორტზე გატანას ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან უცხოელი ტურისტების მხრიდან ადგილზეც დიდი მოთხოვნაა.

”ხიხვი იშვიათი ჯიშია, რისგანაც მაღალი ხარისხის ღვინო მზადდება.  რუისპირში გვაქვს ადგილი ჯანაანი, სადაც ადრე  ამ ჯიშის ყურძენი მოჰყავდათ და ასევე მოიხსენიებოდა, როგორც ჯანაანურა.  ამიტომ რუისპირის ადგილებში მოდის განსაკუთრებულად კარგი, მირჩევნია, ღვინო დავაძველო და გავყიდო 300 ლარად და მეტადაც, ადრე ამას ვერ ვახერხებდით. ფინანსები გვჭირდებოდა და იძულებული ვხდებოდით, გაგვეყიდა, ახლა აქცენტს უკვე დაძველებაზე გავაკეთებთ. ევროპული ქვეყნები ძირითადად ასეთ ღვინოებს ყიდიან, ამაზე იქ დიდი მოთხოვნაა”, – აცხადებს ალადაშვილი ”ბიზნესპარტნიორთან”.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული რეზერვი 300 ბოთლს შეადგენს და ახალ სეზონზე ამ რაოდენობას, მინიმუმ, გაასამმაგებს.

კომპანიის გეგმაშია, რომ ,,ხიხვის” პარალელურად, დააძველოს ”რქაწითელი” და ბაზარზე გასაყიდად 10 წლის შემდეგ გამოიტანოს. რაც შეეხება მასობრივი  წარმოების ღვინოს, ალადაშვილის თქმით, ეს მიმართულებაც შენარჩუნდება,  რომ  ”რუისპირის მარანი” ქართველი მომხმარებლებისთვის  ხელმისაწვდომი იყოს. ბრენდის წლიური წარმოება 5000-დან 7000 ბოთლამდეა.  

ცნობისთვის, “რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა” თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. ვენახი 5 ჰექტარზეა გაშენებული. რაც შეეხება ღვინის მარანს,  2021 წელს გაიხსნა, რომლის ინვესტიციამ 200 000 ლარზე მეტი შეადგინა.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები