გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში DoubleTree by Hilton ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. კახეთში სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ბრენდის შემოყვანასა და საინვესტიციო პროექტის შესახებ BM.GE-სთან სასტუმრო პროექტის მმართველი კომპანია „GVG +“-ის დირექტორმა მალხაზ ბიწაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პროექტი 12 ჰა მიწის ფართობზე, სასტუმროსთან ერთად 67 ვილის მშენებლობას მოიცავს და მისი საინვესტიციო ღირებულება სრულად 50 მლნ ლარია. სასტუმროს პროექტის ღირებულება კი 25 მილიონი ლარი იქნება. კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ გურჯაანში პროექტი სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით შენდება და თანადაფინანსების მოცულობა 6 მლნ ლარს შეადგენს.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიას კომპანია GVG + დიდი ხანია ფლობს. განხორციელდა მოლაპარაკებები Hilton-თან და Double Tree-ს მაღალი კლასის ბრენდის ქვეშ 100-ნომრიანი სასტუმრო შენდება. ეს იქნება საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედი სასტუმრო. ამასთან, პროექტი სასტუმროს უკან დიდ ტერიტორიაზე 67 ვილის მშენებლობასაც მოიცავს. საუბარი იმაზე, იქნება თუ არა ვილების Hilton-ის მენეჯმენტის ქვეშ, არ არის, თუმცა პირველი ხაზის ვილები სასტუმროს გაშვების დროს მზად უნდა იყოს. სასტუმროს გახსნა 2025 წლის შემოდგომის სეზონისთვის იგეგმება, ხოლო ვილების პირველ რიგში 9 კოტეჯის მშენებლობა და მათი მოწყობა სასტუმროს გახსნის დღისათვის დასრულებული იქნება“, – აღნიშნა BM.GE-სთან კომპანიის დირექტორმა მალხაზ ბიწაძემ.
DoubleTree by Hilton-ის ბრენდის 100-ოთახიანი სასტუმრო პროექტი სპა-ცენტრის მოწყობას მოიცავს, რაც ღია და დახურული აუზის, მშრალი დ სველი საუნების, ასევე სამასაჟე სივრცის მოწყობას გულისხმობს, სასტუმროში იქნება ასევე რესტორანი და საკონფერენციო სივრცეები. სასტუმროდან კი ალაზნის ველის ხედები გაიშლება. „GVG +“ – ის დირექტორი ამბობს, რომ ამოქმედების შემდეგ სასტუმრო 100 სამუშაო ადგილს შექმნის.