თელავში მდებარე ღვინის საწარმო “ძმები ხუციშვილების მარანი” ღვინის გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გამყარებას ტრადიციული ქვევრის ღვინით ცდილობს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ხუციშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, საერთაშორისო ბაზრებზე ტრადიციული წარმოების ღვინოების მიმართ დიდი ინტერესია და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობა საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
მისი ინფორმაციით, სტანდარტულისგან განსხვავებით, ქვევრის ღვინის ფასი 2-3-ჯერ მეტია და წარმოების ზრდით შესაძლებელია მაღალი საფასო სეგმენტის შენარჩუნება.
რაც შეეხება “ძმები ხუციშვილების მარნის“ წარმოებას, მოიცავს 7-მდე დასახელების ღვინოს, როგორიცაა რქაწითელი, რქაწითელი მწვანე, ქისი, ქინძმარაული, კახური ხავერდოვანი და საფერავი.
ამ ეტაპზე დაახლოებით 20% გადის ექსპორტზე ევროკავშირსა და აშშ-ში, დანარჩენი – ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყიდება. კომპანიის წლევანდელ გეგმაშია საექსპორტო არეალის გაფართოება. პოტენციურ ბაზრებად კი განიხილება ბალტიისპირეთის ქვეყნები და იაპონია, სადაც ქვევრის ღვინოებზე მზარდი მოთხოვნაა.
მეღვინე ასევე აღნიშნავს, რომ მწარმოებლისთვის დიდი სტიმულია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, რაც მეტი მოტივაციაა წარმოების ზრდისა და უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად.
,,პრემიუმ ღვინის სეგმენტში, სადაც კი მოთხოვნაა, ყველგან შეგვიძლია ჩვენი ნიშა გვეჭიროს. არ არის მარტივი, თუმცა შანსი ნამდვილად დიდია, რაც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მთავარი გამოწვევა საექსპორტო არეალის გაფართოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში გავდივართ, ამ ბაზრებზე მოცვა ჯერ კიდევ დაბალია.
გასულ წელს უამინდობის გამო წარმოებაში გარკვეული სირთულე იყო, რამაც ახალი პროექტების განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. აშშ-ს შემთხვევაში, პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევებთან გვიწევდა გამკლავება და არც ეს იყო მარტივი. ექსპორტი ამ მიმართულებით ჯერ კიდევ პანდემიამდე დავიწყეთ, შემდეგ ისე მოხდა რომ ბარები და რესტორნები დაიკეტა, შეიცვალა სიტუაცია და ამან ძალიან დაგვაზარალა.
ახლა აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. მიგვაჩნია, რომ პერსპექტიულია ყველა ბაზარი, სადაც ტრადიციულ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნაა“, – აცხადებს გიორგი ხუციშვილი.
ცნობისთვის, „ძმები ხუციშვილების მარანში“ ღვინის დაყენების ოჯახური ტრადიცია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. ,,ძმები ხუციშვილების” ბრენდით, საოჯახო მარნის ღვინოს წარმოება ძმებმა – გიორგი და გელა ხუციშვილებმა 2015 წელს დაიწყეს. საწარმო თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კასისხევში მდებარეობს.