მისი ასაკი 80 საუკუნეს ითვლის. ეს ნიშნავს, რომ ქართული ყველი, ყველაზე ცოტა, 8000 წლისაა…
ამ ხნოვანების არქეოლოგიურ მტკიცებულებას მსოფლიო ყველის არქეოლოგია თითქმის არ იცნობს.
მარტო ამ ამბის სამზეოზე გამოტანისთვის ხარ ქართული ყველის ცოცხალი ლეგენდა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე…
რამდენიმე წლის წინ, ანამ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ საქართველოს ისტორიულ მუზეუმში, ზუსტად 80 საუკუნის საყველე დერგი ინახებოდა. ამის შემდეგ, თამამად დაიწყო ქართული ყველის 8000 წლოვან ისტორიაზე საუბარიც…
ფოტოზე სწორედ 80 საუკუნის დერგს ხედავთ…
8000 წლის წინ, თიხის ჭურჭლების დამზადება ქალების და მოხუცების საქმიანობა იყო. ალბათ, ამ საყველე დერგის ოსტატიც, ნეოლითელი ქართველი ქალია. ჯერ გამოძერწა, მერე ღია ცეცხლზე გამოწვა, ან მზეზე გამოაშრო და ყველის შესანახად გამოიყენა…
რატომ სწორედ ყველის შესანახად?
ფაქტებზე და ვარაუდებზე, ქართული ყველის მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე საუბრობს:
-ეს დერგი, ძალიან საინტერესო არქეოლოგიური მასალაა, კავკასიაში რძის პროდუქტების შესწავლის კუთხით. საქართველოში, მისი თანამედროვე, კიდევ ორი დერგი ინახება. ეს ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე ათასწლეულს მიეკუთვნება. სამივე შულავრისა და იმირის გორის ნეოლითური ხანის ნამოსახლარებზეა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, მათ რძის პროდუქტების შესანახად იყენებდნენ.
იგი, წინა ორი დერგისგან განსხვავებით, შედარებით თხელკედლიანია. როგორც ჩანს, ოსტატმა ტომარაში მიწა ჩაყარა, მას შემოაძერწა და შემდეგ მზეზე გამოწვა. ნათითურების კვალიც კი ეტყობა.
კონკრეტულად ამ დერგზე, რძის ნარჩენების კვალია ნაპოვნი, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ყველის შესანახად იყენებდნენ.
-ვბედავთ თამამად ვთქვათ, რომ ეს ყველის შესანახი დერგია?
-რძის ანაფხეკი გვაძლევს ამის თქმის საშუალებას. რძე არის 72 საათიანი ნედლეული, შემდეგ იჭრება. ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვის, აჭრილი რძე, უკვე ყველია. ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება კამათი.
-რატომ გამოიყენა ადამიანმა დერგი რძის ან ყველის შესანახად?
– მაცივრის ფუნქციას ასრულებდა. მარცვლეულის და სხვა პროდუქტების შესანახად იყენებდნენ. არ არის გამორიცხული, რომ დერგები რძის და რძის პროდუქტების შესანახად, ნეოლითამდე პერიოდშიც გამოიყენებოდა.
პატარა ბროშურაში თავმოყრილი ყველის 80 საუკუნე
-თქვენი ინტერვიუებიდან ვიცით, რომ 80 საუკუნის დერგთან, მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში ნანახმა 2800 წლის სარძევე საწურმა მიგიყვანათ…
-მართალია არქეოლოგიური არტეფატები მე ვიპოვე მცხეთის არქეოლოგიურ მიზეუმში და თბილისის ისტორიულ მუზეუმშიც, მაგრამ არასოდეს ვენდობი მხოლოდ საკუთარ აზრებს და ვარაუდებს, ყოველთვის მივმართავ ავტორიტეტულ მეცნიერთა მოსაზრებებს, როგორებიც არიან ქალბატონი თამილა ცაგარეიშვილი და ბატონი პაატა ბუხრაშვილი. სწორედ ამ ორმა დიდმა მეცნიერმა იმუშავა ბუკლეტზე –„ქართული ყველის 80 საუკუნე“, რომელშიც საქართველოს მუზეუმებში დაცული ყველის არტეფაქტებია წარმოდგენილი.“
ავტორი: შორენა მერკვილაძე
რესპოდენტი: ანა მიქაძე