ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker “ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე დაესწრნენ.
„ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა. ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაატარონ ღვინის დეგუსტაცია, მასტერ-კლასები და პრეზენტაციები, რაც მოწვეულ სტუმრებს ინფორმირებულს ხდის ქართული ღვინის, მისი ისტორიის, კულტურისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ“, – აღნიშნა დავით ტყემალაძემ.
ქართული ღვინის დეგუსტაციას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 18 კომპანიის 150 დასახელების ღვინო, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში 150-ამდე ადამიანი დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.