თითქმის, 13 წლის მონაცემებით კომპლექსი 1 313 350 ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 730 000-მდე საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი პირი იყო, ხოლო 583 350-მდე უცხოელი ვიზიტორი, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ახალციხის(რაბათის) ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაცემებში გასათვალისწინებელია, რომ 2020-2021 წლებში მსოფლიოში არსებული კოვიდ პანდემიის გამო ციხე-კომპლექსი სრული დატვირთვით ვერ ფუნქციონირებდა, რამაც სტატისტიკის უკიდურესად დაბალ დონემდე ვარდნა განაპირობა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, როგორც ზაზა თამარაშვილი აღნიშნავს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტთა ნაკადი 22%-ით გაიზარდა.
“2024 წლის, 6 თვის მონაცემების მიხედვით ტურისტთა საერთო რაოდენობამ – 62 371 ვიზიტორი შეადგინა. აქედან: საქართველოს მოქალაქე – 41 420 იყო, ხოლო – 20 951 უცხოელი ვიზიტორი. გარდა ამისა, არსებული ტურისტული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა კომპლექსის დამთვალიერებელ ტურისტთა ქვეყნების ხუთეული. ტურისტთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, შემდეგ მეორე ადგილზე მოდის – ჩინეთი, მესამე – პოლონეთი, მეოთხე – გერმანია და ბოლოს მეხუთე ადგილს – ისრაელი იკავებს. აღნიშნული მონაცემები ცვალებადია და ყოველ წელს იცვლება“, – აცხადებს ზაზა თამარაშვილი.
ცნობისთვის, ახალციხეში, რაბათის ისტორიულ უბანში მდებარე ახალციხის ციხე კომპლექსი 2012 წლის 16 აგვისტოს გახსნა იგი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციას წარმოადგენს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ისტორიული, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლოკაციები, აგრეთვე კომპლექსის ისტორიულ ფლიგელში მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, რომლის ექსპოზიციაზეც წარმოდგენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც მოპოვებულია, როგორც რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მხარეში.
კომპლექსს ჰყავს 16 მაღალკვალიფიციური საექსკურსიო გიდი, რომლებიც ექსკურსიებს ატარებენ 6 ენაზე, როგორც ქართულ ასევე, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. აგრეთვე აღსანიშნავია რომ კომპლექსს აქვს აუდიო გიდის 3 ენოვანი სერვისიც. კომპლექსი იყოფა ორ ფლიგელად. ქვედა, უფასო ფლიგელში განთავსებულია კომერციული დაწესებულებები და უმეტესად იქ იმართება ღონისძიებები, ხოლო რაც შეეხება ზედა ისტორიულ ფლიგელს, იქ შესვლა ფასიანია და ბილეთის ღირებულება უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში შეადგენს: ზრდასრული – 18 ლარი, სტუდენტი – 15 ლარი, მოსწავლე – 12 ლარი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: ზრდასრული – 7 ლარი, სტუდენტი – 3 ლარი, პენსიონერი – 3 ლარი, მოსწავლე – 2 ლარი.