Wizz Air ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებზე ოპერირებას ეტაპობრივად განაახლებს. ავიაკომპანიის განცხადებით, მის ქსელს დუბაი, აბუ-დაბი, ჯედა და ამანი უბრუნდება.
ოთხი მიმართულების ფარგლებში ავიაკომპანია ჯამში 12 მარშრუტზე კვირაში 49 რეისს შეასრულებს.
Wizz Air-მა აბუ-დაბიში დაფუძნებული ოპერირება 2025 წლის სექტემბერში შეწყვიტა. ავიაკომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილებაზე გავლენა რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, ოპერაციულმა გამოწვევებმა და ძრავებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იქონია.
ახალი პროგრამის ფარგლებში აბუ-დაბისა და დუბაის მიმართულებებზე ფრენები 25 ოქტომბრიდან განახლდება, ხოლო ჯედასა და ამანის მიმართულებებზე ფრენების აღდგენა უკვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის დაბრუნება ყოფილი Wizz Air Abu Dhabi-ს ოპერირების აღდგენას არ გულისხმობს — ახალი რეისები ავიაკომპანიის ევროპული ოპერაციების ფარგლებში შესრულდება.
Wizz Air-ის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე ოთხ მიმართულებაზე ჯამში დაახლოებით 470 ათასი ადგილი იქნება ხელმისაწვდომი.
ავიაბილეთების საწყისი ფასი 24.99 ევროდან იწყება.


