ველნეს ტურიზმით უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, სამიროებიდან, ჩინეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ინტერესდებიან, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” “ჰოტეილერი”, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ბიზნეს პარტნიორი ჯულია მგელაძე აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ადამიანები ჯანმრთელობასა და გაჯანსაღებაზე უფრო მეტად დაფიქრდნენ.
“ველნეს ტურიზმს” საქართველოში უდიდესი პოტენციალი აქვს, სწორედ ამიტომაც თავის დროზე ე.წ. სანატორიუმები შეიქმნა. ოფიციალური ცნობებით, საქართველოში 103 კურორტი და 167 საკურორტო ზონაა. ადამიანები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ძილი და დილის საუზმე არ არის საკმარისი. დასვენებისათვის და გაჯანსაღებისათვის მათ უფრო მეტი რამ სჭირდებათ, რასაც “ველნეს ტურიზმი” მოიცავს.
ბოლო წლების მანძილზე ამ მიმართულებით მეტი რესურსი იხარჯება. დამსვენებლების და ტურისტების მხრიდან მოდის ინიციატივები, რაც ინვესტორებს თუ ბიზნესის მფლობელებს მეტ მოტივაციას აძლევს, რომ ახალი სერვისები დაამატონ და განვითარდნენ. კოვიდ-19-ის შემდეგ ადამიანები მეტად დაფიქრდნენ ჯანმრთელობასა და გაჯანსაღებაზე.
“ველნესი” გახლავთ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მენტალური აღდგენა და განახლება. ეს არის შინაგანი ბალანსი, რომლის მოპოვება ადამიანს მშვიდ გარემოში შეუძლია. დატვირთული და აქტიური ცხოვრების წესი სულის, სხეულის და გონების “რესტარტს” ითხოვს.
ამისათვის შეგვიძლია დამსვენებლებს, თუ კონკრეტული მიზნისთვის ჩამოსულ ადამიანებს შევთავაზოთ: ქართული ტრადიციული “ველნეს აქტივობა”, როგორიც არის გოგირდის აბანოები; ღია ცის ქვეშ მედიტაცია, იოგა, ჰოლოტროპული სუნთქვა; ჯანსაღი კვებითა და მცენარეული სასმელების დახმარებით შედგენილი დეტოქსპროგრამა, Anti-Aging პროგრამა; სპა ტურები / გაჯერებული სხვადასხვა პროგრამით; გაჯანსაღება მინერალური წყლების დახმარებით და ასევე, შეიძლება სამედიცინო ტურიზმისა და “ველნეს ტურიზმის” კომბინაციაში შეთავაზება მაგალითისათვის ველნეს ტურიზმის პროგრამით დაინტერესებულ ადამიანს შესთავაზო სხვადასხვა არაინვაზიური გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, რომლებიც ძალიან ბევრია ესთეტიკურ მედიცინაში. იგივე “არომა ტურები” / არომათერაპია, რომლის შედეგებიც საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეიძლება ტურისტებს შევთავაზოთ სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც მაღალმთიან რეგიონებში ასევე საზღვაო კურორტებზე.
ჩვენი საუკუნის რეალობა არის შემდეგი – ადამიანებისათვის ცხოვრების რიტმი აჩქარდა, ამას დაერთო თან ეკოლოგიური კატასტროფები, ომები და ტერაქტები. ამიტომაც, ვისაც აქვს რესურსი, ყველა თვლის, რომ საუკეთესო ინვესტიციაა გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება. დაინტერესება ველნეს ტურიზმზე მოდის: უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, საამიროებიდან, ჩინეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც, თუმცა ვფიქრობ ამ მიმართულებას ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს რადგან ჯანმრთელობის გაუმჯობესება ყველას სურს და შესაბამისად ყველა ქვეყნიდან შეიძლება მოიზიდო ტურისტი, საიდანაც კომფორტულია მგზავრობა და სავიზო საკითხებიც მოწესრიგებული და მოქნილია”, – აცხადებს ჯულია მგელაძე.
bp.ge