ველნეს და სამედიცინო ტურიზმში კადრების დეფიციტია, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა ირმა დაუშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ჭირს ისეთი თანამშრომლების მოძიება, რომლებიც ველნეს და სამედიცინო კუთხით, მომხმარებლებს მაღალ სერვისს გაუწევენ. როგორც დაუშვილი ამბობს, ასეთი კადრების განსაკუთრებული დეფიციტი რეგიონებში შეინიშნება.
კურორტ „ნუნისის“ მმართველი პარტნიორი აუცილებლად მიიჩნევს, რომ არსებობდეს პროფესიული სასწავლებლები, სადაც მსურველებს კურორტოლოგიას და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა პროფესიებს შეასწავლიან.
ქვეყანაში, ველნეს და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით გამოწვევად სახელდება ცნობადობის დეფიციტიც.
ირმა დაუშვილის ინფორმაციით, საქართველოს, როგორც ბუნებრივი ბალნეოლოგიური რესურსებითა და მინერალური წყლებით მდიდარ ქვეყანას, უმეტესად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში იცნობენ, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ნაკლებად ცნობილია. ამიტომ, მისივე თქმით, აქტიური საინფორმაციო კამპანიაა ჩასატარებელი.
„ქვეყანაში ყველა იმ დაავადების მკურნალობა, ან პრევენციაა შესაძლებელი, რომლებიც მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს რესურსი სამედიცინო ტურიზმის კუთხით ლიდერ სახელმწიფოებს გარკვეული კონკურენცია გაუწიოს. თუმცა, ამისთვის აუცილებელია ცნობადობის გაზრდა. გამოწვევებს შორისაა – ზოგიერთ კურორტზე არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურაც“, – განმარტა ირმა დაუშვილმა.
მისივე განცხადებით, მსოფლიოში ველნეს და სამედიცინო ტურიზმი, ეკონომიკურად სწრაფად მზარდი და მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა, ვინაიდან, სამედიცინო მომსახურებების მიღების მიზნით ჩამოსული ტურისტები მაღალ მსყიდველუნარიანები არიან, შესაბამისად, მათ აქვთ რესურსი, ქვეყნის ბიუჯეტში სოლიდური თანხები შეიტანონ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ირმა დაუშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ამ დარგს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ტენდენციებს, კურორტ „ნუნისის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ მათთან მომხმარებლების რაოდენობა სტაბილურად ნარჩუნდება.
„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ომმა ახლო აღმოსავლეთში და ასევე, რუსეთ-უკრაინის ომმა მომხმარებელთა ნაკადების შემცირება განაპირობა. საქართველოში სარეაბილიტაციო – გამაჯანსაღებელი სერვისებისთვის უმეტესად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ისრაელიდან ჩამოდიოდნენ. ახლა კი, ამ ქვეყნებიდან, შემცირებულია მომართვიანობა. სხვათა შორის, წელს ყაზახი ვიზიტორების სიმცირეც დაფიქსირდა. რაც შეეხება ევროპულ სახელმწიფოებს, სტაბილურად გვყავს დამსვენებლები პოლონეთიდან“, – აღნიშნა კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა.
ცნობისთვის, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არა რეზიდენტი მოგზაურების 3 მილიონამდე შემოსვლა დაფიქსირდა, რაც ორ-ნახევარი პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, თუმცა, იმ ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის ჩამოდიან, ჯერ კიდევ მცირეა.
bp.ge