ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში RADISSON-ის ბრენდის სასტუმრო, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სასტუმრო გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს უნდა გაიხსნას. ეს იქნება 4+ ვარსკვლავიანი, 85 ნომრიანი სასტუმრო. ეს არის სანატორიუმ უწერის ტერიტორია. RADISSON-ის ბრენდის სასტუმროს პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის მოწესრიგებას, აუზების მოწყობას, რეკრეაციული სივრცის მოწყობას, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს.
მშენებლობაზე დასაქმებულები არიან როგორც უწერის მცხოვრებლები, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისა თუ ქალაქების მცხოვრებლები”, – აცხადებს ლევან შერაზადიშვილი.
ცნობისთვის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას. კურორტი უწერა ცნობილია სასარგებლო მინერალური წყლებით, რაჭაში ყველაზე მეტი მინერალური წყალი სწორედ აღნიშნულ სოფელშია.
bp.ge