ბათუმი 20 და 21 ნოემბერს კიდევ ერთხელ გახდება ტურიზმის ინოვატორების, პროფესიონალებისა და ენთუზიასტების შეხვედრის ადგილი –საქართველოს ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2025“ არა მხოლოდ ქვეყნის ინდუსტრიის წამყვანი ფორუმია, არამედ პლატფორმა, სადაც იდეები გამოცდილებად გადაიქცევა.
წლევანდელი სამიტი გამორჩეულადაა დატვირთული პრაქტიკული ნაწილით. საკვანძო თემები, რომელთაც სამიტი შეეხება, მოიცავს:
- მარკეტინგს და გაყიდვებს – სივრცის მნიშვნელობას
- სასტუმროებისა და MICE ინდუსტრიის ახალ სტანდარტებს
- ხელოვნური ინტელექტის როლს სტუმარმასპინძლობაში
- ავთენტური რეგიონული პროდუქტების განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში, აუდიტორია შეხვდება საერთაშორისო სპიკერებს, რომელთაც თავიანთი სფეროს ტრანსფორმაციის პირადი გამოცდილება აქვთ.
ლევან ლეშკაშელი, Exely-ის კლიენტების წარმატების მენეჯერი, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. მთავარი სათქმელი კი ესაა: წარმატებული სასტუმროები ფასების, არხების და აუდიტორიის შერჩევაში მონაცემებს ენდობიან, არა ემოციას.
„სასტუმროს ფასები ცოცხალი მექანიზმია – თუ მოთხოვნა იზრდება და თავისუფალი ნომრები იკლებს, სისტემა ავტომატურად ასწორებს ფასს,“ – ამბობს ლევანი.
ის დეტალურად აჩვენებს, როგორ მუშაობს ბალანსი OTA-ებსა და პირდაპირ გაყიდვებს შორის, რატომ არის სტუმრის ქცევის ანალიტიკა კრიტიკული და როგორ გადაიქცევა წარმატება ინტუიციიდან რიცხვებად.
მცირე სასტუმროებისთვის ლევანს პრაქტიკული რჩევებიც ექნება „ტურისტერის“ სცენიდან იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესონ ბიზნესებმა ონლაინ იმიჯი, როგორი გაზარდონ კონვერსია, აკონტროლონ ფასები და, საბოლოო ჯამში, სწორად გრძნობდნენ ინდუსტრიის პულსაციას.
„ვინც ბიზნესს არა მხოლოდ ოთახების გაქირავებად, არამედ გამოცდილების შექმნად ხედავს, ის სწრაფადაც იზრდება და გრძელვადიანადაც იმარჯვებს,“ – აღნიშნავს ის.
დე ლუკა ჯანკარლო, Data Appeal Company-დან, ტექნოლოგიების და ინოვაციების სესიაზე წარმოაჩენს, როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი სასტუმროებისა და ტურისტული მიმართულებების პოზიციონირებას. მისი მთავარი გზავნილია: მომავალი იმ გადაწყვეტილებებს ეკუთვნის, რომლებიც ბაზრის „ხმაზეა“ დაფუძნებული.
„თუ გინდა, რომ ბაზარმა სწორად დაგინახოს, მოუსმინე თავად მოგზაურის ხმას მონაცემებში. LLM-ები და ანალიტიკა ამ ხმას გასაგებ ენად თარგმნიან,“ – ამბობს ჯანკარლო.
ჯანკარლო თავის გამოსვლას სამოქმედო გეგმასაც დაუთმობს, თუ როგორ გამოიყენონ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის მართვისთვის, როგორი გეგმით იმოქმედონ კრიტიკულ საკითხებზე და ა.შ.
„სტუმრები აჯილდოებენ იმ ბრენდებს, რომლებიც სვამენ სწორ კითხვებს, უსმენენ და რეაგირებენ. ასე იქმნება პოზიციონირება, რომელსაც ბაზარი ყიდულობს,“ – ამბობს ის.
რეგიონული პროდუქტების ძალაზე იან კლაროვა, სლოვენიური კომპანია Good Places-ის CEO, დეტალურად გააზიარებს, როგორ შეიძლება რეგიონული თანამშრომლობა, ძლიერი ბრენდინგი და ციფრული ინსტრუმენტები გადავაქციოთ ერთიან ტურისტულ პროდუქტად. მისი ჩართულობით განხორციელებული პროექტი Trans Dinarica, რვა ქვეყანაზე გადაჭიმული ველომარშრუტი, უკვე წარმატებული ქეისია ევროპაში. ახლა კი, მსგავს მასშტაბურ პროექტზე მუშაობს კავკასიაში.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც არამხოლოდ ვიზიტორების, არამედ ადგილობრივი თემების განვითარებასაც ემსახურება. სწორედ ასეთია Trans Caucasus – გზა, რომელიც სოფლებს, კულტურას და ბუნებას ეკონომიკურ შესაძლებლობებად აქცევს,“ – ამბობს იანი.
ის ტურისტერის სცენიდან დეტალურად შეეხება ციფრული არხების როლს, როგორ იქცა Trans Dinarica-ს ვებსაიტი გაყიდვების ბირთვად და როგორ ჩაერთო 13,000-ზე მეტი ველომოგზაური პირველივე წელს.
გარდა ამისა, იან კლაროვა გაუძღვება ვორკშოპს რეგიონში ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და ამის გარშემო იდეების ბრეინშტორმინგზე.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც დიდი ყურადღება დაეთმობა, არის “სასტუმროს დიზაინის ძალა: როგორ გარდაიქმნება სივრცე მარკეტინგსა და გაყიდვებში”. ელენე პაატაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელი, სასტუმროების დიზაინზე საუბარს მარკეტინგის და გაყიდვების კონტექსტში დაიწყებს.
ელენე ამბობს, რომ მისთვის დიზაინი უბრალოდ დეკორი არაა – ეს ბრენდის ენაა, რომელიც სტუმარს პირველივე წამიდან ელაპარაკება.
„დიზაინი არის ბრენდის ხასიათისა და ფილოსოფიის გამოხატვის მეთოდი. ის უშუალოდ განსაზღვრავს, როგორი ემოცია ექნება სტუმარს პირველივე წამიდან,“ — ამბობს ელენე.
სპიკერი სამიტის მონაწილეებთან ისაუბრებს თემებზე, თუ როგორ იქმნება ატმოსფერო, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს სამიზნე აუდიტორიას, არხებს და კომუნიკაციის ტონს. „აჭარა ჯგუფის“ გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორი დიზაინით პოზიციონირებული სივრცე ბუნებრივად იზიდავს შემოქმედებით და კულტურულ წრეებს.
„სივრცის ატმოსფერო გვკარნახობს, ვის ველაპარაკოთ და სად. ამიტომ ვიყენებთ არხებს, სადაც ეს აუდიტორია რეალურად ცხოვრობს – Instagram-ს, დიზაინ პლატფორმებს, ლაიფსტაილ მედიას,“ – აღნიშნავს ელენე.
აჭარა ჯგუფის წარმომადგენელი განიხილავს, როგორ ქმნის დიზაინი სასტუმროს ბრენდის უნიკალურ ხასიათს, როგორ უწყობს ხელს ვიზუალური იდენტობა და სივრცის ატმოსფერო მიზნობრივი აუდიტორიის სწორად ათვისებასა და ჩართულობას, ასევე როგორ შეიძლება დიზაინზე აგებული გამოცდილება იქცეს მძლავრ მარკეტინგულ ბერკეტად და ბიზნესის ზრდის სტიმულად.
ტურისტერი ახლოვდება – ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მონაწილეობის მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთი და არ გამოტოვონ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება 20–21 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“.
სამიტის ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგის სააგენტო შინდი.
გენერალური სპონსორები: ბეტა ჰოლდინგი, Reconomy, Helvetas,Sweden Sverige, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო SDC. სპონსორები: Exely, Julius Meinl, კერკი, სასტუმრო “კოლიზეუმ მარინა”, ibis Styles Batumi, იმედიL, Liebherr, Miele. მხარდამჭერები: e-Consul, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია. მედია მხარდამჭერები: Entrepreneur.ge, Bm.ge, TravelNews.ge
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე tourister.ge


