აქართველოდან სამოგზაუროდ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის და მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა წლიდან წლამდე ძვირდება, ეს გაყიდული ტურ-პაკეტების რიცხვზე, ჯერჯერობით, არ ასახულა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ნინო წიკლაურმა, ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელმა განუცხადა.
მისი თქმით, Go Tour-ს ზაფხულის ჯავშნების მიღება უკვე აქტიურად აქვს დაწყებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა, დაახლოებით, 20-25%-ით არის გაზრდილი.
„რაც შეეხება მიმართულებებს, ყველაზე მოთხოვნადი ზაფხულში ისევ თურქეთია, როგორც გასულ წლებში იყო. მას მოჰყვება – ეგვიპტე და ევროპის საზღვაო კურორტები, მაგალითად – მალტას ქალაქები, დუბროვნიკი, პორტუგალიისა და ესპანეთის საზღვაო ქალაქები. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ წელს ზაფხულში, რეკორდულად არის გაზრდილი მოთხოვნა გერმანიაზე, რაც აქამდე არ ხდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენმა მომხმარებლებმა უარი თქვეს საზღვაო დასვენებაზე და გერმანიის ტურ-პაკეტები შეიძინეს. საფეხბურთო ჩემპიონატიდან, კერძოდ, EURO 2024-იდან გამომდინარე, წელს – გერმანიაზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, გაორმაგებულია“, – აღნიშნა ნინო წიკლაურმა.
მისივე თქმით, გერმანიაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ფასებიც მომატებულია ამ კონკრეტულ ქვეყანაზე. თუმცა, გერმანია ერთადერთი არ არის, სადაც მოგზაურობა გაძვირდა, ფასების მატება შეინიშნება სხვა ტურისტული მიმართულებებითაც.
„სამწუხაროდ, ფასების ზრდა ფიქსირდება თითქმის ყოველწლიურად. მაგალითისთვის, პანდემიიდან დღემდე, ტურ-პაკეტები ჯამში, დაახლოებით, 25%-ით არის გაძვირებული. გაზრდილია როგორც ავიაბილეთების, ისე სასტუმროების ფასები. მიუხედავად ამისა, ქართველი მომხმარებელი მაინც აქტიურად მოგზაურობს“, – განმარტა Go Tour-ის დამფუძნებელმა.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან საზღვარგარეთ 328 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 29 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.
bp.ge