ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქულბაქში მდებარე თევზსაშენი მეურნეობა „ქულბაქის მწვანე ტბა“ მიმდინარე წელს ზუთხის მოშენებას გეგმავს, რაშიც კომპანია 40 000 ლარის ინვესტირებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახა გასვიანი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, წარმოების გაფართოება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტის ფარგლებში, წელს 3 ტონა ზუთხის მოშენება იგეგმება.
თევზსაშენი მეურნეობა ამ ეტაპზე თევზის საკვებ პროდუქტს აწარმოებს. ასევე მოშენებული ჰყავს კალმახი. ტბის მთლიანი მოცულობა 9500 ჰექტარს მოიცავს.
გასვიანის განცხადებით, გასული წლის ბოლოს კომპანიამ 125 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც წარმადობის ზრდას და საკალმახე ტბების გაფართოებას მოხმარდა.
კერძოდ, როგორც კახა გასვიანი განმარტავს, თევზის საკვების (ლიფსიტები) წლიური წარმადობა წელს დაახლოებით 20 ტონამდე იქნება, რაც 2023 წლის მონაცემს (12 ტონა) 8 ტონით აჭარბებს. კალმახის შემთხვევაში, წლიური წარმადობა 13 ტონაზე მეტია.
გასვიანის ინფორმაციით, თევზის საკვები მთლიანად ადგილობრივი ბაზრისთვის იწარმოება. მისი შემსყიდველი მთლიანად თევზსაშენი მეურნეობებია. რაც შეეხება კალმახს, ძირითადი მომხმარებელი აგრომაღაზიები და HoReCa სექტორია.
“წლიდან წლამდე მზარდი მოთხოვნაა, რის გამოც გაფართოება გადავწყვიტეთ. ძირითადად კალმახი გვაქვს მოშენებული, თუმცა წელს დაემატება ზუთხიც, გვინდა მეურნეობა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. 300-400 გრამიან ზუთხის ლიფსიტებს მთლიანად ქართველი მეწარმეებისგან შევისყიდით. 1 კილოგრამის ფასი 40 ლარამდეა.
თევზის სიჯანსაღიდან გამომდინარე, ჩვენმა პროდუქციამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი ადგილობრივ ბაზარზე. პროდუქტი მაღალი სტანდარტისაა და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა ექსპორტს ჯერ არ ვფიქრობთ, არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არ გამოვრიცხავთ. სამიზნე ალბათ ევროპის ბაზრები იქნება, დაახლოებით 2-3 წელიწადში შეიძლება ამაზეც ფიქრი დავიწყოთ“, – აცხადებს კახა გასვიანი.
“ქულბაქის მწვანე ტბის“ მფლობელობაშია 14 საკალმახე აუზი, სადაც სამი სახეობის კალმახია მოშენებული: ამერიკული ‘’ცისარტყელა’’ კალმახი, წითელწერტილებიანი და ე.წ. ‘’ალბინოსი’’ კალმახი. თევზსაშენმა მეურნეობამ 20922 წელს ‘’გრეტას“ გრანტით (42 000 ლარი) ისარგებლა, რითაც დანადგარები შეიძინა.
ცნობისთვის, ‘’ქულბაქის მწვანე ტბა“ ბაზარზე 2014 წლიდანაა წარმოდგენილი.
გარდა კალმახის მოშენებისა, კოოპერატივი აგროტურიზმშიც აქტიურად ჩაება. მეურნეობასთან ერთად, ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმრო, სადაც ამ დროისთვის ერთ ჯერზე მაქსიმუმ 25-მდე სტუმრის მიღება არის შესაძლებელი.
bp.ge