სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე საქართველოს ტურისტები აშშ-დან, ევროპიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან სტუმრობენ.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა მოლოდინებია სექტორში, რა გავლენა იქონია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა. თემაზე, „კომერსანტთან“ სერტიფიცირებულმა სათავგადასავლო გიდებმა სალომე კვარაცხელიამ და დიტო კალუაშვილმა ისაუბრეს.
როგორც საფეხმავლო გამყოლი სალომე კვარაცხელია აღნიშნავს, მის შემთხვევაში ტურების გაუქმებას ადგილი არ აქვს და აქტიურ და დატვირთულ სეზონს ელოდება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მის კოლეგებს აქვთ შემთხვევები, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ტურები გაუუქმდათ.
„მე ფრილანსერი გიდი ვარ, ჩემთვის ტურისტებს ტურები არ გაუუქმებიათ, მთელი სეზონი უკვე გაწერილი მაქვს, ძირითადად ჯგუფებს ველოდები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. ტურისტები დამყავს მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე გადავდივართ სომხეთშიც.
რაც კოლეგებთან მისაუბრია, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში ჯავშნები შემცირებულია, მაგალითად ზოგ მათგანს ისრაელელების ჯგუფის ტური გაუუქმდათ, რაც ისრაელში მიმდინარე მოვლენებით არის გამოწვეული. კიდევ ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ ჰქონდათ ტურისტებთან მოლაპარაკებები და ძლივს შეინარჩუნებს ჯგუფები, მიზეზად ქვეყანაში არსებულ დემონსტრაციებს ასახელებდნენ და ამბობდნენ რომ უსაფრთხო არ არის.
ვინც წლებია ამ სფეროში ვმუშაობთ, თებერვალ-მარტში უკვე ჯავშნები გვაქვს და ვიცით, როგორი ზაფხული გვექნება, ამ მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ დატვირთული სეზონი მექნება“ – აღნიშნა სალომე კვარაცხელიამ.
სერტიფიცირებული სათავგადასავლო გიდი დიტო კალუაშვილი აღნიშნავს, რომ მის შემთხვევაში ტურების გაუქმება მოხდა. მისივე თქმით წლევანდელ წელს მოლოდინი მაღალი იყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ტურისტებმა საქართველოში სტუმრობა გადაიფიქრეს და სხვა ქვეყნებისკენ წავიდნენ.
„მე საქართველოს მასშტაბით დამყავს ტურისტები, ჩამომყავს უცხოელები და ვაბინავებ ადგილობრივებთან, დავდივართ სვანეთში, თუშეთში, ბორჯომში, რაჭაში და ა.შ.
წინა წელთან შედარებით შემცირება მაქვს, რამდენიმე ტური გაგვიუქმდა, რამდენიმეზე მწერენ, რომ აკვირდებიან ვითარებას და ჯავშანს აჩერებენ. საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმი, ევროპაზე, აშშ-სა და კანადაზე მუშაობს, ასევე რამდენიმე ჯგუფი გვყავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებსაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებენ. როდესაც მათი საელჩო წერს, რომ საქართველოში მოგზაურობა არ არის უსაფრთხო რა თქმა უნდა თავს იკავებენ, ჩვენც ხომ ასე მოვიქცეოდით.
ზოგადად ასეთი ტურები რამდენიმე თვით ადრე იგეგმება, როდესაც ოქტომბერში არჩევნები მოდის და სექტემბერში რა ვითარება იქნება არ იციან, რა თქმა უნდა, თავს იკავებენ და სხვა ქვეყნებში მიდიან, ამერიკელებს ჰქონდათ დაჯავშნილი და მომწერეს, რომ ხორვატიაში გადაწყვიტეს წასვლა.“ – აღნიშნა დიტო კალუაშვილმა.
კალუაშილი ასევე აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საფეხმავლო ტურებით ძირითადად ევროპელები ამერიკელები, კანადელები არიან დაინტერესებული, რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებს, კალუაშვილის თქმით, მათ გიდის გარეშე ლაშქრობა ურჩევნიათ. ხოლო არაბული ქვეყნების წარმომადგენლები თავგადასავლების მოყვარულები არ არიან.
commersant.ge