საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა საქართველოს ტურიზმის სექტორის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულ 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ეს 2025 წლის მაჩვენებელს 210 მილიონი დოლარით, ანუ 4.5%-ით აღემატება.
კომპანიის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მხოლოდ 2026 წლის ივნისში ტურიზმის შემოსავალი წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და 485 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, წლის პირველ ექვს თვეში ტურიზმის სექტორმა 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება და 5.3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ოფიციალური სტატისტიკიდან ამ დროისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის იანვარ-მარტში ტურიზმის შემოსავალმა 829 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 0.5%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობას, პირველ კვარტალში საქართველოს 1,170,362 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ეს მაჩვენებელი 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.


