ქობულეთის რაიონში მდებარე სასტუმრო კომპლექსის “შატო კვირიკეს” გენერალური მენეჯერის განცხადებით, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, ინფრასტრუქტურის განვითარება სექტორზე დადებითად აისახება.
“ჩვენ მაგისტრალთან ძალიან ახლოს ვართ და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 2 საათით შემცირებული გზა ნამდვილად ხელსაყრელი იქნება როგორც ქუთაისის აეროპორტიდან მომავალი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის, რომლებიც თბილისიდან მოდიან“, – აცხადებს ლელა წულუკიძე.
მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, უცხოელი ტურისტების მხრიდან ინტერესი გაიზარდა.
“ჩვენ ერთ-ერთი დამატებითი სერვისი ვიქნებით ქობულეთის ტურისტული განვითარებისთვის და უფრო მეტი უცხოელი ტურისტი ნახავს საქართველოს“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელით.
გარდა ამისა, „შატო კვირიკეში“ დამსვენებლებს ე.წ ეთნოგრაფიული მუზეუმი, 300 წლის ისტორიის მქონე შენობა და ღვინის მარანი დახვდებათ.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
bp.ge