დაცული ტერიტორიების სააგენტო, მიმდინარე წელს სამეგრელოს და სვანეთის დაცული ტერიტორიის დაარსებაზე მუშაობას იწყებს.
როგორც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა, მუშაობა ასევე მიმდინარეობს გურიის დაცული ტერიტორიების დაარსებასა და რაჭის ეროვნული პარკის განვითარებაზე.
“დღეის მდგომარეობით საქართველოს ტერიტორიის 13% არის დაცული ტერიტორია, ეს არის ჯამში 100 დაცული ტერიტორია, რომელიც ფაქტობრივად 912 000 ჰექტარზე მეტ არეალს ფარავს. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი 75%-ით გაიზარდა. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც გარკვეულ ტერიტორიებზე გვხვდება“, – აცხადებს თამარ ხახიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების დაარსება პირდაპირ კავშირშია ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან.
“მას შემდეგ რაც დაცული ტერიტორიების სააგენტომ იდენტიფიცირება გაუკეთა ამა თუ იმ ტერიტორიას, მოხდა ეკონომიკური აქტივობების დაწყება და ვიზიტორთა ნაკადების რადიკალური ზრდა. მტირალას მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩაქვი თითქმის დაცლილი იყო მოსახლეობისგან, თუმცა მტირალას ეროვნული პარკის დაარსების შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ეკოტურისტული ბიზნესია დაწყებული. ანალოგიურად არის მარტვილის კანიონი, რომელსაც ყოველწლიურად 200 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს“, – აცხადებს თამარ ხახიშვილი.