ლეჩხუმში, ჯონოულის ხეობაში საკურას ხეივანი შემოდგომის ბოლოს გაშენდება. ამ ეტაპზე სამუშაოების მცირე ნაწილია შესრულებული.
როგორც იდეის ავტორი, ‘‘დაკარგული სამოთხის” დამფუძნებელი ლექსო ჩარკვიანი ”ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, იგეგმება 5 კმ-იანი ორმხრივი ხეივნის გაშენება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საკურას ხეივანი იქნება.
ჩარკვიანის განმარტებით, საკურა, ეს არის იგივე ველური მწარე ბალი, რომელიც შესაძლებელია სასარგებლო ხედ გარდაიქმნას. აღმოსავლეთ აზიაში მისი 7 სახეობაა გავრცელებული. მცენარე ყვავილობს საქართველოშიც, ძირითადად 2 სახეობა: იაპონური საკურა ვარდისფერი კოკრებით (7-8 სმ. დიამეტრის) და 4-ფოთლიანი, რომელიც მტირალა ტირიფს წააგავს. ჯონოულის ხეობაში მწარე ბლისგან გამოყვანილი საკურა გაშენდება.
”დაკარგული სამოთხე” ლექსო ჩარკვიანის მიერ შექმნილი გვერდია სოციალურ ქსელში, რასაც იგი სხვადასხვა სოციალური პროექტის გასაშუქებლად იყენებს. საკურას ხეივნის შექმნის იდეაც პირველად სწორედ აქ დაანონსდა.
პროექტი ინვესტიციის გარეშე, მთლიანად მოსახლეობის მხარდაჭერით (ენთუზიაზმით) ხორციელდება. ჩართული არიან ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც საჭირო ტექნიკით ეხმარებიან.
რაც შეეხება ამ ეტაპისთვის შესრულებულ სამუშაოს, როგორც ჩარკვიანი განმარტავს, 1500 მეტრზე მწარე ბლის საძირეები განთავსდა. აგვისტოში მათზე კვირტს დაიტანენ, საძირეების დათესვის პროცესი კი შემოდგომაზე გაგრძელდება და ამავე პერიოდში დასრულდება. დაახლოებით ორ წელიწადში კი ტურისტებს საკურას ხეივნის დათვალიერება შეეძლებათ.
პროექტის მიზანი სწორედ ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის ათვისება და დარგის განვითარებაა. ჩარკვიანის თქმით, გადაწყვეტილება გამოცდილებამ განაპირობა, რაც ტურისტულ ინდუსტრიაში მუშაობისას დაუგროვდა. აღმოჩნდა, რომ ტურისტების ნაწილი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კურორტს სტუმრობს, ლეჩხუმის შესახებ თითქმის არ ფლობს ინფორმაციას და არ ინტერესდება, როცა მუნიციპალიტეტი ტურისტულად საინტერესო ლოკაციაა და შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გახდეს.
”7-8 წლის განმავლობაში გიდობას ვუწევდი ტურისტებს სხვადასხვა რეგიონში. მათ აინტერესებდათ ბორჯომი, რაბათი, ბაღდათი ხულო და სხვა. ლეჩხუმით ფაქტობრივად არავინ ინტერესდებოდა, ამიტომ ვცდილობდი, მე თვითონ გამეცნო იგი ვიზიტორებისთვის, სწორად მიმეტანა ინფორმაცია და ინტერესი გამომეწვია. ისეც ხდებოდა, რომ ინფორმაციის გაზიარების შემდეგ ხშირად უკვე სპეციალურად მოდიოდნენ ლეჩხუმში და ტურებს ვაწყობდით. საკურა ამ მხრივ ქმნის დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიზიდოს. როდესაც ხეივანი მზად იქნება, ლეჩხუმში ყველა საოჯახო სასტუმრო და კემპინგი 100%-ით დაიტვირთება. უამრავი საინტერესო ადგილია, მათ შორის, ,,ქულბაქის მწვანე ტბები”, სამონასტრო კომპლექსი და სხვა, რაც ტურისტმა აუცილებლად უნდა მოინახულოს. გარდა ამისა, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, რაც ადგილობრივ მეწარმეებს ძალიან დაეხმარება”, – აცხადებს ლექსო ჩარკვიანი.
საკურას ყვავილობა აპრილის შუა რიცხვებში, ბოლო ყინვიდან იწყება და ორ კვირას გრძელდება.
ცნობისთვის სოციალური გვერდი ”დაკარგული სამოთხე” ლექსო ჩარკვიანმა 7 წლის წინ შექმნა, რომლის მიზანიც სასარგებლო კონტენტის შექმნა და მაღალმთიანი რეგიონის (რაჭა-ლეჩხუმი) დახმარებაა, რაც მოსახლეობის დაბრუნებას და ადგილზე დამაგრებას შეუწყობს ხელს.
საკურას ხეივანისთვის საჭირო მწარე ბლის საძირეები ლექსო ჩარკვიანს საკუთარ სანერგეზე გამოჰყავს, ნაწილით – მოსახლეობა ამარაგებს. მცირე სანერგე მეურნეობას იგი ქუთაისის მახლობლად, სათაფლიასთან, 2500 მ. ფართობზე მდებარეობს.
bp.ge