რაჭულ ლორზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. პროდუქტს მენიუში უკვე ბევრ რესტორანში ნახავთ. ინტერესი მზარდია მოქალაქეების მხრიდანაც. ტრადიციული რაჭული საკვების მწარმოებელი კომპანია ,,ლორუკას” დამფუძნებელი მარიამ ლებანიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მაღალი ფასის მიუხედავად პროდუქტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. კომპანია ლორს ქვეყნის მასშტაბით 10 რესტორანს უკვე აწვდის, თუმცა პარტნიორების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მომხმარებლისთვის ლორის შეთავაზება სულ უფრო მეტ რესტორანს სურს.
,,უფრო მეტი და მეტი მომხმარებელი გვიცნობს დღითი დღე. ჩვენი პროდუქცია ხარისხიანია და მომხმარებელსაც მოთხოვნა ეზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქციაა სარესტორნო ბიზნესისთვის, მაინც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჰორეკა სექტორის რამდენიმე წარმომადგენელთან უკვე პარტნიორები ვართ. თავად აღმოგვაჩინეს. მათთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი და მიწოდების უწყვეტობა. მოგეხსენებათ, რაჭული ლორი მხოლოდ ზამთარში იწარმოება. ტრადიციული მწარმოებლები უწყვეტობას და მიწოდების ციკლს ვერ უზრუნველყოფენ. ზამთარში აქვთ მიწოდება. ზაფხულში ვეღარ აწვდიან. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მთელი წლის განმავლობაში სტაბილურ მიწოდებას, რაც ძალიან ახარებთ. 10 რესტორანია ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ გავზარდოთ მათი რიცხვი. 90% თბილისის რესტორნებია და რამდენიმე არის სხვადასხვა რეგიონებში. გვაქვს მოლაპარაკებები ახალ მომხმარებლებთან სარესტორნო მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ ახალ პარტნიორობას დავიწყებთ.’’- აცხადებს მარიამ ლებანიძე.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად კომპანია წარმოების გაზრდასაც გეგმავს. ,,ლორუკა“ წელიწადში 2 ტონა ხორცს აწარმოებენ, თუმცა მიმდინარე წელს წარმოება შესაძლოა 30%-მდე გაზარდონ. კომპანია ნედლეულს ფერმერებისგან იბარებს, რომლებიც მზად არიან საწარმოს უფრო მეტი ნედლეული მიაწოდონ.
,,წელიწადში 2 ტონა ხორცს ვაწარმოებთ, რადგან ჩვენ მცირე მეწარმეები ვართ და საოჯახო წარმოება გვაქვს. ვგეგმავთ წარმოების გაზრდას. ეს დამოკიდებულია როგორ დასრულება მოლაპარაკებების ჰორეკა სექტორთან. ვგეგმავთ, რომ წელს 20-დან 30%-მდე გვქონდეს წარმოების ზრდა. ლორი ფუფუნების საგანია. ეს არ არის ყოველდღიური მოხმარების, თუმცა მომხმარებელმა ხარისხიანი პროდუქცია დააგემოვნა და შეიყვარა, ამიტომ ქართველი მომხმარებლისგან ძალიან დიდია მოთხოვნა. გვყავს ფერმერები და მათგან ვიბარებთ ხორცს. მათ აქვთ მზაობა, რომ თუ წარმოებას გავზრდით უფრო მეტი ნედლეული მოგვაწოდონ. ალტერნატიულ გზებზეც ვმუშაობთ. გეგმა ბე ყოველთვის გვაქვს.’’- აცხადებს მარიამ ლებანიძე.
,,ლორუკას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ლორის წარმოების მიმართ რაჭველების ინტერესი მზარდია. ადგილობრივები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ ამ საქმეში და ის შემოსავლის წყაროდ აქციონ.
,,ბოლო წლებში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს რაჭული ლორის წარმოების პოპულარიზაცია, სწავლება და დატრენინგება ადგილობრივების. ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება, რომ ეს მათი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს, ამიტომ ცდილობენ თავიანთი ძალებით, რომ ოჯახურად აწარმოონ ადგილზე. მიხარია, რადგან ბევრი ადამიანი, რომელიც დიდი ქალაქებში ცხოვრობდა რაჭაში დაბრუნდა. ეს არის ჩვენი კუთხის ეკონომიკურად გაძლიერების კარგი შესაძლებლობა.’’- აცხადებს მარიამ ლებანიძე.
ლორს ზამთრის სეზონზე უფრო აქტიურად მოიხმარენ. პროდუქტის რეალიზებას სეზონურობა ახასიათებს. სწორედ ამიტომ, კომპანია ლორს ტურისტულად აქტიურ ზონებში ყიდის და პროდუქტს იმ კვების ობიექტებს აწვდის, რომლებიც ძირითადად ტურისტებს ემსახურებიან. მარიამ ლებანიძე აცხადებს, რომ კომპანიის მიზანი იყო ლორზე მოთხოვნა სეზონების მიხედვით დაბალანსებულიყო. ამ ხედვამ გაამართლა და პროდუქტი წლის ყველა პერიოდში მოთხოვნადია.
commersant.ge