Radisson Hotel Group-ი ინდოეთში 2030 წლისთვის 500 სასტუმროს გახსნას გეგმავს, რითაც ქვეყანა ჩინეთის შემდეგ ჯგუფის სიდიდით მეორე ბაზარი გახდება.
კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკო ჰ. გონსალესის განცხადებით, ინდოეთში გაფართოების მთავარი მიზეზები მოგზაურობაზე მზარდი სამომხმარებლო მოთხოვნა, ციფრული ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა და შიდა ტურიზმის სტაბილურობაა.
სასტუმროს ოპერატორის გეგმები ასახავს ქვეყნის მასშტაბით სტუმარმასპინძლობის სექტორის აღმავლობას, რაც შემოსავლების ზრდით, მთავრობის მიერ ტურიზმის წახალისების ინიციატივებით, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებითა და ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტების ზრდით არის განპირობებული. დარგის ექსპერტების შეფასებით, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ინდოეთში შიდა ტურიზმის მოცულობა წელიწადში 2 მილიარდ მოგზაურობას გადააჭარბებს, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა კი სტაბილურად გაიზრდება.
2030 წლისთვის Radisson-ი ინდოეთის როგორც დიდ ქალაქებში, ისე განვითარებად მიმართულებებზე გაიხსნება და მოიცავს ლუქსის, პრემიუმ, საშუალო კლასისა და ლაიფსტაილის სეგმენტებს. ასევე, მოსალოდნელია გაფართოება მეორე და მესამე დონის ქალაქებში, სადაც სასტუმროების შეთავაზება ჯერჯერობით შეზღუდულია.
ჯგუფის გაფართოება ინდოეთის სასტუმროების ეკოსისტემას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვასა და მომსახურების სტანდარტების ამაღლებას.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად Radisson Hotel Group-ი ქვეყანაში 140-ზე მეტ სასტუმროს მართავს, დამატებით 70 ობიექტი კი მშენებლობის პროცესშია.
avianews.ge