ლაჩხუთი – ტურისტის არჩევანი!
ვიწყებთ სერიას -რა ყოფილა გურია
ლანჩხუთი, – საქართველოს გამორჩეულ კუთხეს, სადაც ემოციების ნამდვილი ფოიერვერკი გელოდება.
აქ შეგიძლია ჩართო დროის მანქანა და იმოგზაურო ეპოქების ლაბირინთებში, გაცურო ზღვაში, დაიკარგო „ამაზონის ჯუნგლების“ მისტიკაში, განიცადო ექსტრემი, ტბის პირას იპოვო სიმშვიდე და გურული გემოების მაგიითაც მიიღო გასტრონომიული შოკი!
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რაც ლანჩხუთში მოგზაურობისას გელოდება…
უფრო მეტს ლანჩხუთის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი, ეკატერინე ჩუბინაშვილი გაგვიზიარებს:
ტურიზმის განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები
-როგორია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და რა პრიორიტეტები აქვს ამჟამად?
-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ მყარი ტურისტული პოტენციალი და სტრატეგია. ბუნებრივი კლიმატური და გეოგრაფიული პირობები, შავიზღვისპირეთისა და გურიის სერიის (ნიგოითის ქედი) საშუალომთიანი მიკროკლიმატური ზონები, კულტურულ-ისტორიული ძეგლები, პოტენციურად ასათვისებელი მინერალური წყლები, ეკოტურიზმისა და გასტროტურიზმის პოტენციალი, განსაკუთრებით კოლხეთის ეროვნული პარკის, ფიჩორის ხეობის და ეგზოტიკური გარემოს გათვალისწინებით, რომელსაც, ვფიქრობ, ლანჩხუთის მარგალიტი შეიძლება ვუწოდოთ, ქმნის მყარ ნიადაგს მრავალფუნქციური ტურისტული განვითარების პერსპექტივისთვის. ამავე დროს, ხელს უწყობს სტრატეგიის შემუშავებას და ოპტიმისტურ მიდგომებს.

-რომელი ტურისტული ღირსშესანიშნაობები ან საქმიანობები წარმოადგენს ლანჩუთის რეგიონში ძირითად ტურისტულ პოტენციალს?
-კოლხეთის ეროვნულ პარკში, მდინარე ფიჩორზე ტურისტული მომსახურება, რომლის პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. ეს მომსახურება ითვალისწინებს სანაოსნო ტურებს და ახალ მარშუტებს, რაც მოიზიდავს სხვადასხვა ტიპის ტურისტებს, მათ შორის მკვლევარებსა და ფლორისა და ფაუნის მოყვარულებს.

სოფელ ორაგვში 5 კილომეტრიანი ველობილიკი ველო სპორტის მოყვარულებისთვის, ზიპლაინი ექსტრემის მოყვარულთათვის, აღდგენის პროცესშია ორაგვე-აცანის დამაკავშირებელი ისტორიული ბილიკი, რომელიც ხელუხლებელი ბუნების და ტყის მოყვარულ ტურისტებს მოემსახურება.

აცანის თემში მდინარე აცაურას ხეობაში საქუხიას კანიონი, ელინაბადოს და აკიბულას ჩანჩქერები, სადაც მოწყობილია საპიკნიკე სივრცეები.

სოფელი მოედანი უნიკალური ორკარის კანიონით და ნავები მდინარე სუფსაზე სამოყვარულო ნაოსნობისთვის.
შავი ზღვის სანაპირო 7 კილომეტრიანი ზოლით, სამკურნალო ქვიშის პლაჟით.
კურორტი გრიგოლეთი „ყვავილნარის სანაპირო“ და სოფელი წყალწმინდა, სადაც მდებარეობს სასტუმროები და დასასვენებელი სახლები.
ისტორიული და რელიგიური ძეგლები, როგორიცაა აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია და სამება ჯიხეთის დედათა მონასტერი.

ხელოვნური გამოქვაბულების სიმრავლე (ხორეთი, ჩანჩეთი, კოკათი, ჩოჩხათი, ორაგვე, გაგური).
ადგილობრივი ღონისძიებები, როგორიცაა შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ლელო-ბურთი,- ისტორიული ტრადიცია, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ვიზიტორებში.

-როგორ აღვიქვამთ ლანჩხუთის შესაძლებლობებს როგორც ტურისტულ დესტინაციას და როგორ აღადგენთ მას მდგრადი მიმართულებით?
-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომელიც ტურიზმის მდგრადი განვითარების საშუალებას იძლევა. თუმცა, ამჟამად ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას აფერხებს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ნაკლები ინფრასტრუქტურა ტურიზმის განვითარებისთვის, ადგილობრივი კერძო კაპიტალის, დანაზოგებისა და ინვესტიციების დაბალი დონე რეგიონში, უცხოური ინვესტიციების შემოდინების დაბალი მაჩვენებელი. მუნიციპალიტეტში კვების ობიექტების სიმცირე, საკურორტო ზონების სეზონდამოკიდებულება.
-რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ გამოწვევების გადასაწყვეტად?
-მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ზემოთაღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად. ამ მიზნით შეიქმნა შპს „ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრი“, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ხელშეწყობას.
შპს „ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხეშეწყობის ცენტრი“ რომლის უშუალო კონპენტეციაში შედის ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.
-რა როლი აქვს ადგილობრივ ბიზნესებს ლანჩხუთის ტურიზმის განვითარების პროცესში?
-ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობა ტურიზმის სტრატეგიაში ამ ეტაპზე საკმარისად ეფექტური არ არის. თუმცა, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას და მასთან თანამშრომლობას.
-რა პროგრამები და ინიციატივები არსებობს ადგილობრივი ბიზნესებისთვის ტურიზმის განვითარებისთვის?
-როგორც აღვნიშნეთ ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და მარკეტინგისთვის შეიქმნა შპს„ტურიზმისა დასოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრი“ რომელიც იყენებს სოციალურ მედიას და დიჯიტალ პლათფორმებს ლანჩხუთში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. აქვს კავშირი სხვადასხვა ტურისტულ ტუროპერატორებთან. გარდა ამისა ადგილობრივ მეწარმეებს აქვს საშუალება და ხელშეწყობა სხვადასხვა ტურისტულად მიმზიდველ ღონისძიებებზე წარმოადგინონ ადგილობრივი ნაწარმი და მოახდინონ მათი რეალიზაცია.

-რა ნაბიჯები გადაიდგა ლანჩხუთის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის მიმართულებით და როგორ ხდება მარკეტინკული კამპანიების მართვა?
-სოციალური მედიის და დიჯიტალური პლატფორმების გამოყენებით, ახლახან გაფომრდა ხელშეკრულება ცენტრსა და ისეთ სოლიდურ კომპანიას შორის როგორიცაა „Travel News“, რაც დამატებითი პრომოციის შესაძლებლობას იძლევა.

-რა უნიკალური ტურისტული შეთავაზებები შეიძლება ჰქონდეს ლანჩუთს? რა გამოარჩევს სხვა რეგიონებისგან?
-უახლოეს მომავალში ტურისტებს შევთავაზებთ უნიკალურ ტურისტულ პროდუქტებს, როგორიცაა ნაოსნობა მდინარე ფიჩორზე. მარშუტის სიგრძე 17 კილომეტრს მოიცავს. მდინარე ფიჩორის სათავე და შესართავი სრულად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს. ასევე, ლელობურთის ტრადიციულ დღესასწაულს, რომელიც საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს და რომლის მსგავსი არცერთ სხვა რეგიონს არ აქვს.
-როგორ ცდილობთ ეკო-ტურიზმის მხარდაჭერას?
-ყველა ტური და მომსახურება ითვალისწინებს გარემოს დაცვას და ეკო-ტურიზმის პრინციპებს, რაც ხელს უწყობს მდგრად ტურიზმს.
-რა ახალი ტურისტული პროექტები იგეგმება ლანჩხუთში?
– იგეგმება ახალი ტურისტული მარშუტები, როგორიცაა მდინარეთა ხეობების კანიონიგი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე, ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თემების ჩართულობა ტურიზმის პროცესში.
-რა გეგმის მიხედვით აძლიერებთ ლანჩხუთის ადგილობრივ თემს და როგორ ვგეგმავთ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ტურიზმის პროცესებში?
ყველა დესტინაციაზე, სადაც ტურისტების მომსახურება მიმდინარეობს, ხდება ადგილობრივი ნატურალური პროდუქციის რეალიზაცია. არსებობს მუნიციპალური პროგრამა, რომელიც ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს, მათ შორის ტურისტული მიმართულებით.
-რა არის ყველაზე გამორჩეული მიღწევა ლანჩხუთის ტურიზმის განვითარების საქმეში?
მთავარი მიღწევა, რომელიც განაპირობებს წარმატებას ლანჩხუთის ტურიზმის სფეროში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა და ტურიზმის განვითარება კოლხეთის ეროვნულ პარკში.
-რა არის თქვენი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ არ იცნობენ ლანჩხუთს?
ჩვენ ვავრცელებთ გზავნილს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობენ ლანჩხუთს – ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს:
შავიზღვისპირეთის ზურმუხტოვანი სანაპირო სასტუმროებითა და ულამაზესი ფიჭვნარით.
კოლხეთის ეროვნული პარკი ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაპტებით, რომელსაც „მცირე ამაზონს“ უწოდებენ.

გურიის სერიის ულამაზესი სოფლები მოჩუხჩუხე მდინარეებითა და კანიონებით.
-როგორ ხედავთ ლანჩხუთის როლს საქართველოს ტურიზმის ბაზარზე 2030 წელს და რა შეიძლება იყოს მისი ადგილი საერთაშორისო ტურიზმის რუკაზე?
2030 წლისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ტურიზმის ბაზარზე ვხედავთ სხვა ტურისტულად განვითარებულ რეგიონებთან ერთად, რომელიც თავის მოკრძალებულ სიტყვას იტყვის საერთაშორისო ტურიზმშიც.
ავტორი: შორენა მერკვილაძე
(NS)