ქვრივიშვილი: EasyJet-ის შემოსვლა ქვეყნის დიდი აღიარებაა

EasyJet

„ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – საბოლოოდ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ბრიტანულ ავიაკომპანია easyJet-თან, რომელიც საქართველოში ოპერირებას იწყებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის კიდევ ერთი ახალი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანია, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, გააძლიერებს ქვეყნის ტურისტულ პროდუქტს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის აპრილიდან  პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს.

„ჩვენი ინდუსტრიისთვის EasyJet ის შემოსვლა არის სრულიად ახალი განაცხადი.  მისი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით მოვახდენთ ეკონომიკის ორი ძირითადი მიმართულების –  ტურიზმის და ავიაციის განვითარებას. ვგეგმავთ, რომ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ სამივე ქვეყანაში იმისთვის, რომ პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთად შევძლოთ და უფრო მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ საქართველოში.

ავიაცია საკმაოდ რთული და კომპლექსური სექტორია და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი და ორი დღის მუშაობის შედეგი, საკმაო ხანია, ჩვენი გუნდი პარტნიორებთან ერთად აღნიშნულ თემაზე მუშაობს და მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები ლოგიკურად, წარმატებით დავასრულეთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. 2023 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ 83 მლნ მგზავრი გადაიყვანა, წლიური შემოსავალი კი 10.8 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტი იყო. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

დღეს პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი, მათ შორის საავიაციო პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„ასეთი ძლიერი ბრენდის შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან გააძლიერებს. დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წლის მარტიდან ჩვენ უკვე ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს აღნიშნული ქვეყნებიდან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები