ქართულ ქვევრის ღვინის უზარმაზარ პოტენციალზე, მის განვითარებასა და მოლოდინებზე “ბიზნესპარტნიორთან” ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ აღდგომელაშვილი საუბრობს. მისი განცხადებით, ქართულ ღვინოს თავისი ინდივიდუალიზმითა და უნიკალურობით შეუძლია კონკურენცია მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი ლიდერი ქვეყნების ღვინოებს გაუწიოს.
„ავთენტიკურობა და ინდივიდუალობა, რომელიც ჩვენია და სხვას არავის არ აქვს, ამით უნდა დავიწყოთ და ამითვე უნდა დავასრულოთ იმიტომ, რომ მგავს სხვაგან ვერსად ვერ ნახავს მომხმარებელი. რაც შეეხება გასტრონომიულ ნაწილს, რამდენად საინტერესოა ქართული ღვინო და რამდენად ღრმა არის და რამდენად მისაღებია მსოფლიოსთვის, ეგ ცალკე საკითხია.
მე გეტყვით ჩემი გამოცდილებიდან, რომ აბსოლუტურად მისაღები, აბსოლუტურად საინტერესო და სუპერ მოთხოვნადია. თუნდაც ამ წელს, ბოლო 2 ქვეყანაში, სადაც ვიყავი და სადაც წარვადგინე ქართული ღვინო, ქვევრის ღვინო მათთვის არის რაღაც ახალი აღმოჩენა, რაღაც განსაკუთრებული. ეს ცალკე, უზარმაზარი რესურსია ჩვენი ქვეყნის, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია რომ განვავითაროთ და ნებისმიერი ბაზარი ავითვისოთ“, – განმარტავს ნიკოლოზ აღდგომელაშვილი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მოლოდინებს, დარგში ფიქრობენ რომ საკმაოდ რთული წელია, რადგან მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური გეოპოლიტიკური მოვლენების გამო, ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების დიდ ნაწილში, მსყიდველუნარიანობა შემცირებულია. აქედან გამომდინარე, რიგ კომპანიებში, იმედოვნებენ რომ ექსპორტის მაჩვენებლებში გასული წლის მონაცემებს შეინარჩუნებენ.
ინდუსტრიის წარმომადგენლები იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რაც დღეს ღვინის სექტორშია. მათ შორის, ცხადია, ისევ ასახელებენ ბაზრების დივერსიფიცირების საკითხს და აუცილებლად მიიჩნევენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე შემცირდეს. გარდა ამისა, გამოწვევებს შორის სახელდება თავად ყურძნისა და ღვინის ფალსიფიცირების პრეცედენტებიც. ნიკოლოზ აღდგომელაშვილს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში, პირობითად ვენახების ტერიტორიაზე, სადაც გაშენებული უნდა იყოს მხოლოდ საფერავი, შესაძლოა იყოს შერეული სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშები, რითაც ხდება საფერავის გაბევრება.
ამ გამოწვევის გადასაჭრელად დარგში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც ქვეყანას უკვე გააჩნია. როგორც ცნობილია, საქართველოში ვენახების აღწერა დასრულებულია და მევენახეობის ყველა რეგიონში აღწერილია 48 ათას 700 ჰექტარზე მეტი ფართობი. მეღვინეების თქმით, ამის შედეგად ელიან, რომ მომდევნო წლებში, გაუმჯობესდება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმლის ხარისხი, რადგან კადასტრით ღვინისა და ყურძნის ხარისხი მკაცრად გაკონტროლდება.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტის პოპულარიზაციაზე 2024 წელს 19 მლნ ლარი გამოიყო და აქედან ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის აქტივობებს, სწორედ 16 მილიონი მოხმარდება, რაც ცხადია, მოიცავს ქართველი მეღვინეების მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებზე.
მინისტრის ინფორმაციითვე, 2023 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე 14 მლნ ლარი მიიმართა. ფერმერები კი 15 ქვეყანაში, 140-ზე მეტ გამოფენასა და დეგუსტაციაზე წარდგნენ.
მათ შორის იაპონიაში, აშშ-სა და საფრანგეთში. ცხადია, ამ აქტივობებს ეხმაურებიან ბიზნესსექტორშიც და ამბობენ, რომ ქართული ღვინით სულ უფრო მეტ ქვეყანაში ინტერესდებიან, იზრდება მისი ხარისხიც, თუმცა ეს ნელი ტემპით ხდება, ამიტომ დარგში ტემპების დაჩქარების აუცილებლობაზე მიუთითებენ.
bp.ge