“ნიამორი” მუხრანში მრავალფუნქციური კომპლექსის მეორე ნაწილს, სადაც განთავსებული იქნება მარანი და გასართობი სივრცე, 2025 წელს გახსნის, – ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი ბოჭორიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
კომპანიამ კომპლექსი ნაწილობრივ 2023 წელს გახსნა, საუბარია, ღვინის გადამამუშავებელ საწარმოსა და მარნის ნაწილზე, რომელიც მუხრანში მდებარეობს და ყურძენსაც აქტიურად იბარებს. საწარმო 2 000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთზეა განთავასებული, აქედან შენობა-ნაგებობა 500 კვ. მ ფართობზეა.
როგორც ბოჭორიშვილი განმარტავს, მას შემდეგ რაც კომპლექსი სრულად ამოქმედდება, “ნიამორი” ბრენდულ მაღაზიასაც კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნის.
“კომპლექსის ერთი ნაწილი ფუნქციონირებს, სადაც არის ქვევრები, უჭანგავი ფოლადის ცისტერნები, სადაც უკვე მოხდა ღვინის მიღება. შემდეგ რთველზე დაახლოებით, 20%-ით მეტი მოსავლის მიღება გვაქვს დაგეგმილი.
თავდაპირველი პროექტი გადაკეთდა და ამიტომ გადაიწია გახსნის თარიღმა. გასართობი სივრცე, რომელიც მარნის ნაწილში იქნება, თავდაპირველად 50 სტუმარზე იყო გათვლილი, თუმცა შევცვალეთ პროექტი და უფრო მეტ ადამიანზე უნდა მოხდეს დაგეგმარება. გარდა ამისა, ჯამური ინვესტიცია პროექტის გადაკეთებამდე 600 000 ლარი იყო და ვფიქრობთ, რომ დამატებით, სავარაუდოდ, 150 000 ლარი იქნება საჭირო“, – განაცხადა გიორგი ბოჭორიშვილმა.
კომპანია „ნიამორი“ ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ალკოჰოლური სასმელებს ჩამოსხმული სახით, გრავირებას უკეთებს და რეალიზაციას ახდებს. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ხორციელდება, რომლის პირველი ნაწილი 2023 წელს დასრულდა.
bp.ge