დედოფლისწყარო საქართველოს ულამაზესი ნაწილია, თვალწარმტაცი ბუნებით, საინტერესო ღირსშესანიშნაობებით და მდიდარი წარსულით.
გეოგრაფიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, წლებია აქტიურად მუშაობს საქართველოს ღირსშესანიშნავი და ტურისტულად საინტერესო ადგილების აღმოჩენა-პოპულარიზაციისთვის. სწორედ ამ ექსპედიციების შედეგია, არაერთი მღვიმის, ტბის, გეოგრაფიული ფენომენის, ეთნოგრაფიული ძეგლისა თუ ისტორიული ფაქტის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის… ექსპედიციების შემდეგ, ეს ყველაფერი წიგნებში იყრის თავს და „ფეხდაფეხ“ შემოვლილ, ნაცნობ და უცნობ საქართველოზე გვესაუბრება. ჩვენი მოგზაურები, ამჯერად კიდევ ერთ საინტერესო და ლამაზ კუთხეზე მომზადებული ნაშრომით გაანებივრებენ ექსტრემისა და მოგზაურობის მოყვარულებს… ცოტა ხნის წინ, გამოვიდა წიგნი „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი“, სადაც საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მოქცეული კუთხის წარსული და აწმყოა თავმოყრილი…
დედოფლისწყარო, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, თითქმის აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. მდინარე ალაზნის ქვემოწელსა და მდინარე მტკვარს შორის გადაშლილი ულამაზესი ტერიტორია, წერილობით წყაროებში პირველად, ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ისტორიკოსთან, სტრაბონთან გვხვდება და კამბეჩოვანის სახელითაა ცნობილი. ის ხან ჰერეთის, ხან კახეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. მეთერთმეტე საუკუნიდან, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, კახეთის სამეფოს ცენტრი გახდა.
სახელწოდება დედოფლისწყარო, ისტორიულ წყაროებში მეთერთმეტე საუკუნიდან გვხვდება. ლეგენდა კი, სახელწოდების წარმომავლობას თამარ მეფის სახელს უკავშირებს. ხორნაბუჯის ციხეში მყოფ ქართველთა დედოფალს, მოლაშქრეებმა მთის წვერზე მორაკრაკე წყაროს წყალი მიართვეს. დედოფალს ოქროს თასით შეუსვამს წყალი და იმდენად მოსწონებია, წყლის ციხემდე მოყვანა განუზრახავს. თიხის მილებით მიუყვანიათ ციხემდე წყალი და დედოფლის წყარო უწოდებიათ…
გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი, ასისტენტ-პროფესორი:

დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, ადამიანის ცხოვრების კვალი, ქვის ხანიდან შეინიშნება, რასაც არქეოლოგიური ექსპედიციების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები მოწმობს.
შუა საუკუნეებიდან, მტრის შემოსევებმა, თანამედროვე დედოფლისწყაროს ტერიტორიის დიდი ნაწილი, მოსახლეობისგან დაცალა. დაცლილ ტერიტორიებს, მცირე რაოდენობით შემორჩენილი მოსახლეობა, სახნავ-სათეს სავარგულებად და საძოვრებად იყენებდა. გამართეს პატარა დასახლებებიც. ერეკლე მეორის პერიოდიდან კი, შირაქის ველზე, თუშებიც გამოჩნდნენ და კახეთის მკვიდრთა გვერდით, ზამთრის საძოვრებზე თუშების სეზონური დასახლებებიც გაჩნდა.
მე-19 საუკუნეში, მეფის რუსეთმა, დედოფლისწყაროს ტერიტორია რუსი კარისკაცებით და რუსული სამხედრო ნაწილებით გაამაგრა. რუსული სამხედრო ნაწილების გვერდით, მომრავლდა რუსული დასახლებებიც. ახალ საცხოვრებელს, რუსებმა ჯერ „ცარსკიე კოლოდცი“, მოგვიანებით კი – წითელწყარო უწოდეს და რუსი ეროვნების მოსახლეობის გარდა, სხვა ეროვნების ხალხის ჩამოსახლებაც მიჰყვეს ხელი.
შირაქის ველზე, რუსული დასახლებების მომრავლებას, ქართველ მთიელთა გულისწყრომა მოჰყოლია და ვაჟა-ფშაველას ინიციატივით და თაოსნობით, ძირძველ ქართულ მიწაზე, ხევსურეთიდან, მთიულეთიდან, ქსნის ხეობიდან და გუდამაყრიდან წამოსული ქართველები დამკვიდრდნენ. ასე გაჩნდა სოფლები – ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო. სწორედ ამ სოფლებმა შეგვინარჩუნეს ძირძველი ქართული მიწის ნაწილი.
მეფის რუსეთის მზერა, დედოფლისწყაროს ნავთობით მდიდარ ნიადაგსაც მისწვდა და ნავთობის მოპოვებაც დაიწყეს; ამ დრომდე, შირაქის ველის მახლობლად, ნავთობის კვალი, გერმანელმა მეცნიერმა – ედუარდ აისვალდმა შენიშნა. მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან, გერმანელი ძმების, – ვერნერ, ოტო და ვალტერ სიმენსების ცნობილმა ფირმამ – „სიმენსმა“, შირაქის, ელდარისა და მირზაანის ტერიტორიაზევე ჭაბურღილები გამართეს და თორმეტი წლის მანძილზე აწარმოებდნენ ნავთობის მოპოვებას. ეს ხდება იმ დრომდე, ვიდრე ბაქოში ნავთობის საბადოებს აღმოაჩენდნენ.
მეფის რუსეთის დროს, ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიები დაიხვეწა და „შავი იქროს“ მოპოვება საკმაოდ სარფიან საქმიანობად იქცა. მეოცე საუკუნის ბოლოდან, ნავთობის ნავთობის მოპოვება შეწყდა, თუმცა, ნავთობის საბადოების არსებობა კვლავ ფიქსირდება…
დედოფლისწყაროს არქეოლოგიური სამყარო
როგორც ჩანს, დედოფლისწყაროს ტერიტორია და გარემო, უხსოვარი დროიდანვე გამოირჩეოდა ადამიანის საცხოვნებლად. ამ ფაქტს ადასტურებს, არქეოლოგიური ექსპედიციების დროს გამოვლენილი ქვის ხანის ადამიანების სადგომები და ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთები. არქეოლოგიური ძეგლებზე მიკვლეული უნიკალური ნივთები, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია თავმოყრილი და ამ ულამაზესი კუთხის ისტორიას აცოცხლებს.
ხორნაბუჯის ციხე
ცივ-გომბორის ქედს თვალს შეავლებ თუ არა, ქედის დასალიერში, აუცილებლად შენიშნავთ მთათა მწვერვალზე ამოზრდილ ხორნაბუჯად წოდებულ ციხეს. ალბათ, ამიტომაც უწოდეს სპარსელებმა ხორნაბუჯს „მზის საყრდენი“.
ჰერეთის შუაგულში, ციცაბო კლდეთა მწვერვალზე მტკიცე გალავნებით გარშემორტყმული ციხე-ქალაქის დაარსებას, ქართველთა მეფე -ბაკურის სახელს მიაწერენ. სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზე გამართული ულამაზესი ციხე-ქალაქი,ერთდროულად უწევდა კონტროლს ივრისა და ალაზნის ველებს. ისტორიულ წყაროებში კი, მეხუთე საუკუნიდან გვხვდება, იმ დროიდან, როდესაც მეფე ვახტანგ გორგასალმა, ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა და საუფლისწულოდ გადასცა თავის ძეს, დაჩი უჯარმელს…
მთელს კახეთში ბადალი არ ჰყოლია ხორნაბუჯს სიდიადით და მშვენიერებით. ციცაბო კლდეებზე აღმართულ გენიალურ ქმნილება, დღემდე მედიდურად დგას ქართველთა ძლიერებისა და სიმტკიცის სიმბოლოდ და რა გასაკვირია თუ ექსტრემისა და მოგზაურობის მოყვარულებსაც იზიდავს ანდამატივით.
თავგადასავლების მაძიებლებისთვის, ციხემდე მისასვლელი ტყეში გამავალი ვიწრო ბილიკი, ცალკე თავგადასავალი და ფერადი ემოციების ფეიერვერკია. ციხის მიუვალ კლდეზე აღმართულ მთავარ ციტადელსაც თუ მიუახლოვდებით, თქვენს თვალწინ ალაზნისა და ველის ულამაზესი ხედები გადაიშლება.
ხორნაბუჯის ციხის ისტორია, ქართველთა სიმამაცის და შეუდრეკელობის ისტორიაა. აქ თითოეულ გოჯ მიწას თავისი ისტორია აქვს, ვინ იცის, რომელი ჯურის დამპყრობელმა არ დატოვა ხორნაბუჯის მიწაზე თავისი სისხლიანი ავტოგრაფი. საუკუნეების მანძილზე, ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა, მის უდრეკ კედლებს ერკინებოდნენ არაბები, თურქ-სელჯუკები, სპარსელები.
V საუკუნის დასასრულს ხორნაბუჯი ირანის შაჰს კავად I-ს (488-531) შეუმუსრავს. წერილობითი წყაროების მიხედვით VI საუკუნიდან ხორნაბუჯი კამბეჩანის ერისთავის რეზიდენციას წარმოადგენს.
მე- 6 საუკუნის დასაწყისიდან, ხორნაბუჯი სპარსელებმა ჩაიგდეს ხელში. ქალაქში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს, ციხეში კი, სპარსელი მოხელის რეზიდენცია გამართეს. მთელი საუკუნის მანძილზე აკონტროლებდა მტერი ციხე-ქალაქს, ვიდრე სამხრეთიდან მოსულმა ბაგრატიონებმა არ აღმართეს მახვილი, ხორნაბუჯის ყველაზე მაღალ კოშკზე ეროვნული დროშა არ ააფრიალეს და სპარსელთა ნაცვლად, ქართული მხედრობა არ ჩააყენეს. კიდევ უფრო იმძლავრეს ხორნაბუჯელმა ბაგრატიონებმა და დასავლეთითაც გასწიეს საზღვრები…
ამ დროიდან მოყოლებული მთელი ადრეფეოდალური ხანის მანძილზე ხორნაბუჯი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰერეთის ცხოვრებაში. ეს ჰერთა მეფის ერთ-ერთი ერისთავის რეზიდენციაა. XI საუკუნეში ხორნაბუჯი მცირე ხნით თურქ-სელჯუკებმა დაიკავეს. დავით აღმაშენებლის დროს, ხორნაბუჯი თანდათან გაძლიერდა, თამარის თამარის მეფობის ხანაში კი, ციხე-ქალაქი მნიშვნელოვან აღმავლობას განიცდის. ამიტომაცაა, რომ ხალხი – თამარის ციხეს, ან უბრალოდ, თამარსაც ეძახის. თამარის ხანაში, ხორნაბუჯმაც შეინარჩუნა თავისი ძლიერება.
ყავლი გაუვიდა თამარის მეფობას. თანდათან ჩაესვენა ხორნაბუჯის დიდების მზეც… მეცამეტე საუკუნემდე ქუხდა ხორნაბუჯის სახელი. XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ხორნაბუჯი ეცემა. ისტორიული წყაროები მის დაცემას ბერქა ყაენის გამანადგურებელ ლაშქრობებს უკავშირებენ.ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ “ყარაღაჯის სამხრით, სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა, ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ კლდესა ზედა, შენი არს ციხე მაგარი, და იყოცა ქალაქი კარგი. ესეცა ბერქას გამოსვლასა მოოხრდა” ( ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა).ბექა ყაენის საბედისწერო ლაშქრობის შემდეგ, ხორნაბუჯის ციხე ქალაქის ცხოვრება შეწყდა და მას შემდეგ, აღარ განახლებულა. ქალაქთან ერთად, წერიობით წყაროებში გაქრა სახელწოდება „ხორნაბუჯი“. გვიანდელ ისტორიულ საბუთებში, ამ ადგილს „ჭოეთად“ მოიხსენიებენ…
სამუდამოდ შეწყდა ხორნაბუჯში ქალაქის ცხოვრება, დაიცალა მოსახლეობისგან, თუმცა როგორც ციხე-სიმაგრეს, თავისი მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს. ციხე XVI საუკუნეში კახთა მეფეებს განუახლებიათ. ბოლოს, ციხე ერეკლე მეორემ აღადგინა, რათა ლეკიანობის წინააღმდეგ წარმოებული ხანგრძლივი ბრძოლისას გამოეყენებინა.

შორენა მერკვილაძე
travelnews.ge