დეტალური ინფორმაცია ტურიზმის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ

turizmis kanoni - ტურიზმის კანონი

არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულია ცვლილებები და მიმდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურები.

ამასთან, წარმოგიდგენთ ინფორმაციას კანონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს სამართლებრივი რეგულირების დახვეწასა და სფეროს ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

გიზიარებთ ინფორმაციას „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ:

საკითხი 1: ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების სავალდებულო რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით:

  • ტურისტული საქმიანობის სუბიექტები: ტურისტული გიდი; ტუროპერატორი; ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული  მომსახურების მიმწოდებელი; გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი; საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი) –  ექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
  • სავალდებულო რეგისტრაცია ძალაშია 2025 წლის 1 იანვრიდან.
  • რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, სუბიექტი ექვემდებარება დაჯარიმებას 500 ლარით –  რეგულაციის ამოქმედების თარიღს წარმოადგენს 2026 წლის 1 ივნისი.

ინიცირებული ცვლილება:

1ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია აღარ იქნება სავალდებულო, შესაბამისად, უქმდება აღნიშნულ რეგულირებაზე ჯარიმა, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო 2026 წლის 1 ივნისიდან;

2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები: ტურისტული გიდი; ტუროპერატორი; ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) დაექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში – 2026 წლის 1 ივნისიდან. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში სუბიექტი დაჯარიმდება 500 ლარით, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში  – 1000 ლარით. ჯარიმა ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.რეგისტრაცია არის უფასო.

საკითხი 2: რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლების (ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლები) სავალდებულო სერტიფიცირება

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით:

  • სამთო, ალპური, სათხილამურო გამყოლის სავალდებულო სერტიფიცირების წესი, საქმიანობის სფერო და ტერიტორიული კომპეტენციების  ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის – 2026 წლის 1 ივნისიდან
  • რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების (ალპური, სამთო, სათხილამურო გამყოლები) სერტიფიცირებას ახორციელებს აკრედიტებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.

ინიცირებული ცვლილება:

  • რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების (ალპური, სამთო, სათხილამურო გამყოლები) სერტიფიცირებას განახორციელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
  • სერტიფიცირების გარეშე ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლების საქმიანობის განხორციელება დაექვემდებარება ჯარიმას 3000 ლარით, განმეორების შემთხვევაში 6000 ლარით – ამოქმედდება 2027 წლის 1 ივნისიდან.
  • რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების მიერ ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევა დაექვემდებარება გაფრთხილებას ან დაჯარიმებას – 1500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 3000 ლარით – ამოქმედდება 2027 წლის 1 ივნისიდან.

საკითხი 3: გადახდისუუნარობისგან დაცვა

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით:

ტუროპერატორი, ტურაგენტი, დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გადახდისუუნარობისგან დაცვა მოახდინოს 1) დაზღვევის პოლისით ან 2) საბანკო უზრუნველყოფით – რეგულაციის ამოქმედების თარიღს წარმოადგენს 2027 წლის 1 ივნისი.

ინიცირებული ცვლილება:

გადახდისუუნარობისგან დაცვის შესახებ ნორმების ამოქმედების ვადა გადავადდება –  2030 წლის 1 ივნისამდე.

გადახდისუუნარობის შესახებ აღნიშნული ნორმების ამოქმედებამდე, მთლიანად გადამუშავდება გადახდისუუნარობისგან დაცვის თავი.

აქვე მოგახსენებთ, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, მოქმედ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებული სხვა შესწორებები წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს და არა შინაარსობრივს და მიზნად ისახავს კანონის ნორმების დაზუსტებასა და რედაქციულ გამართვას.

ამასთან გაცნობებთ, რომ ტურიზმის კანონში ტურისტული გიდის სერტიფიცირებასთან დავაკშირებული საკითხის ცვლილებები არ ხორციელდება. მოქმედი რედაქციის თანახმად ტურისტული გიდი ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას 2025 წლის 1 ივნისიდან.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print