ლანჩხუთი მწვანე მარშრუტების გლობალურ რუკაზე მოინიშნა, პროექტის, „საქართველოში მწვანე მარშრუტების ქსელის შექმნა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ლანჩხუთის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში.
მწვანე მარშრუტი ეკოლოგიური, არამოტორიზებული ბილიკია და ძველი, მივიწყებული გზების გაცოცხლებასა და ეკოტურიზმის მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მუნიციპალიტეტების ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მარშრუტი იწყება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შუხუთში. აქ ყოველ წლის აღდგომა დღეს იმართება ტრადიციული ლელობურთი.
ბილიკის მეშვეობით მგზავრი გადადის სოფელ აცანაში, რომელიც გამოირჩევა თავისი მიკრო კლიმატით და ულამაზესი რელიეფით. აქ მდებარეობს ოქონას შუასაუკუნეების და წმ. ნინოს სახელობის მონასტრები. ულამაზესია მდინარე აცაურას ხეობა კანიონებით, ჩანჩქერებითა და ველური ბუნებით.
ვიზიტორს შეუძლია მოინახულოს ელინაბადოს ჩანჩქერი, საქუხიას კანიონი და მდინარის ულამაზესი ხეობით განაგრძოს გზა სხვა დასახლებული პუნქტებისაკენ.

მარშრუტი მოეწყო საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ, განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. დაფინანსდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, პროექტის, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში.