ლელოს ფანებო, არ გამოგრჩეთ შუხუთში გამართული ლელოს დღესასწაული! წელსაც გურიაში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ისტორია ცოცხლდება და ლელობურთი ისევ იმართება. თუ გსურთ მხიარული, ემოციური და ტრადიციებით სავსე დღესასწაული, ეს ნამდვილად თქვენი შანსია!
გურიაში გატანილი ლელო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში – მოემზადეთ დაუვიწყარი დღესასწაულისთვის, მიიღეთ მონაწილეობა და ისიამოვნეთ გურული ექსტრემით!
Travelnews.ge ესაუბრა ლანჩხუთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორს, ეკატერინე ჩუბინაშვილს და ტურიზმის განყოფილების გუნდს, რომლებმაც გაგვიზიარეს, როგორ ემზადება სოფელი შუხუთი დღისთვის, როცა წარსული და აწმყო ერთიანდება.
ლელოს დღესასწაულს ჯადოსნური ძალა აქვს: ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ლელოზე, დაბრუნება ყველას ენატრება.
ტურისტებისთვის ეს არის არა მხოლოდ სანახაობა — ეს არის საოცარი ფოტოისტორია, თავგადასავალი და ცოცხალი ისტორია.

მამა საბა 2022 წელი: ფოტო wander-lush.org
ლელოს ამაღელვებელ მომენტებს მხოლოდ შუხუთში ეზიარები! ლელობურთი გურიის სავიზიტო ბარათია!
-გვიამბეთ ლელოს ტრადიციაზე. რა მნიშვნელობა აქვს ლელოს თამაშს გურიისა და საქართველოს კულტურულ ისტორიაში?
– „ლელო“ ქართული ეროვნული სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომლის ფესვები საუკუნეთა სიღრმეში იკარგება. მისი არსი ძალასა და გამძლეობაზეა აგებული — მოთამაშეები ცდილობენ ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით, გამოიყენონ ჯგუფური შერკინება ფიზიკური კონტაქტით, ან ინდივიდუალური გამძლეობითა და სისწრაფით გაიჭრან წინ.თამაშის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც გუნდური თანამშრომლობა, ასევე ინდივიდუალური მეტოქეობა – სისწრაფე, ჭკუა და ფიზიკური გამძლეობა.
„ლელო ბურთმა“ განსაკუთრებული პოპულარობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიაში მოიპოვა. მისი ტრადიცია ორასწლიან ისტორიას ითვლის.ყოველ აღდგომას, სოფელ შუხუთში, ლელოს შერკინება იმართება. ეს უნიკალური ტრადიცია ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.

ფოტო: კვირის პალიტის არქივიდან
ზემო და ქვემო შუხუთს შორის შერკინება იმდენად საკვირველია „რკენაი საკვირველი“ უწოდეს. გადმოცემის თანახმად, სწორედ შუხუთ-ნიგოითის მიდამოებში, 1854 წლის მაისში, გურულმა რაზმებმა დაამარცხეს სელიმ ფაშას მრავალრიცხოვანი ჯარი და მოკლეს მოღალატე ხასანბეგ თავდგირიძე — ფიგურა, რომელიც
ქართულ ფოლკლორში “ხასანბეგურას” სახით ცოცხლობს. რომელიც ნახსენებია ქართული ფოკლორის მარგალიტში – „ხასანბეგურა“.
-რას გრძნობთ, როცა ამდენ ადამიანს – ადგილობრივსა და სტუმარს – ერთად ხედავთ ლელოს დღეს?
-აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შერწყმული ლელოს ტრადიცია ჩვენთვის დიდი სიამაყის საბაბია. ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრები ერთად აღფრთოვანებით უყურებენ სანახაობას, რომელსაც საფუძველი ჩვენს წინაპრებს დაუდიათ. ამ ემოციას და განცდას, სულიერად კიდევ უფრო ამაღლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის სულიერი ერთიანობა — რწმენის, ტრადიციისა და ცოცხალი ისტორიის დღესასწაული.

მამა საბა, ლელობურთი 2017 წელი, ფოტო: ამერიკის ხმის არქივიდან
– თქვენი აზრით, რისი თქმა შეუძლია ლელოს სტუმრებს გურიაზე?
ლელოს დღეს გურიაში ჩამოსული სტუმარი აუცილებლად გაიხსენებს გალაქტიონ ტაბიძის უკვდავ სტრიქონებს: „არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი…“. ან ნოდარ დუმბაძის სიტყვებს: „სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“. მათ თვალწინ გაიხსნება ქართული სპორტის უძველესი ტრადიციები და საბოლოოდ გაერკვევიან, თუ რატომ არის რაგბი ასეთი პოპულარული საქართველოში.

ლელობურთი 2022 წელი: ფოტო wander-lush.org
– როგორია ლელოს პირველად მნახველთა რეაქცია ამ ტრადიციაზე?
– პირველად გაოცება და გაკვირვება იგრძნობა — ეს თამაში უცხოა მათი თვალისთვის. თუმცა მალევე ეჩვევიან, და გულშემატკივრობას იწყებენ ისე გულით, თითქოს თავადაც თამაშში მონაწილეობენ.
– რას ამჩნევთ უცხოელი ტურისტების გამოხედვაში თამაშის დაწყებისას?
– დაბნეულები არიან – აგდების შემდეგ ბურთი უჩინარდება. მას ხალხის მძლავრი მასა ფარავს. ისინი მხოლოდ მოძრაობის დინამიკას უყურებენ, როგორც ბობოქარ ვულკანს. რამდენიმე წუთში ეს დაბნეულობა ცოცხალი ინტერესით იცვლება.

უცხოელი სტუმარი ლელობურთი 2022 წელი: ფოტო wander-lush.org
– რომელი მომენტია ტურისტებისთვის ყველაზე ემოციური ან დაუვიწყარი?
განსაკუთრებით ემოციურია ბურთის მოწინააღმდეგის მხარეს გადატანის და დამიწების წამი. ბრძოლით დაღლილი, მონაწილეების ყიჟინა ამაღელვებელია და დაუვიწყარი.
-რა იზიდავს სტუმრებს ლელოს დღესასწაულში ყველაზე მეტად?
– ალბათ მაგნიტია ფიზიკური გამძლეობის, გუნდური სულისკვეთებისა და მიზანდასახულობის უნიკალური კომბინაცია. ასევე მოთამაშეთა გამბედაობა, რომლებიც ფიზიკურ დაზიანებათა შიშს აიგნორებენ.

-ამ დღეს, გურულებთან ერთად სხვა კუთხიდან ჩამოსულებიც ერთიანდებიან. რას ქმნის ეს განცდა?
– ეს დღე ყველასია. ყოველი სტუმარი, საიდანაც არ უნდა იყოს, რეალურად ხდება მონაწილე — შეუძლია შეუერთდეს რომელიმე მხარეს და თამაშშიც კი ჩაერთოს. ეს ერთიანობის ზეიმია.
როგორ იცვლება სოფლის რიტმი ლელოს დღის დადგომისას?
– დღესასწაულის დღე განსხვავებულია. ყველგან იგრძნობა მოუსვენრობა და მოლოდინი. სიხარული იკვეთება სახეებზე. ეს დღე ხომ აღდგომის დღესასწაულთან ერთად, ლელოს დღესასწაულიცაა.

– ტრადიციული სტუმრიანობა ყოველ წელს იმატებს? რას ამბობს ხალხი, ვინც უკვე რამდენჯერმე დაესწრო – რაშია ლელოს მაგია?
– ვინც ერთხელ მაინც დაესწრო ლელოს, აუცილებლად ბრუნდება. მასში იბადება სურვილი კვლავ დაბრუნდეს. მუნიციპალიტეტი ყოველ წელს ახალ ელემენტებს ამატებს დღესასწაულს, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს და შთამბეჭდავს ხდის ლელოს დღეს.
-რას ეტყოდით ადამიანს, ვინც პირველად აპირებს ლელოს ნახვას?
– მოემზადოს! ეს არ არის უბრალოდ თამაში — ეს არის მკაცრი, ხშირად დაუნდობელი შერკინება. ხედავ მხოლოდ ადამიანების მასას, რომლებიც 16 კილოგრამიან ბურთს მთელი ძალით უბიძგებენ მიზნისკენ.
-რომელი კერძები იპყრობს ტურისტების ყურადღებას ლელოს დღეს?
– უხვი სააღდგომო სუფრის ფონზე, ტურისტების ფავორიტია შესუნელებული დედალი გურულად, კეცის ბრინჯულა და შუა ცეცხლზე შებოლილი შაშხი — გურული სამზარეულოს ზეგემრიელი შტრიხები.
– თქვენი აზრით, რა უნდა იგრძნოს სტუმარმა ლელოზე – გარდა თამაშის ყურებისა?
– ლელოს მაყურებელი მხოლოდ სპორტს კი არ ეძებს — ის მოდის ერთიანობის, კოლორიტისა და გულწრფელი მასპინძლობის ზეიმის შესაგრძნობად. სპექტაკლს ჰგავს. ეს დღე საერთო ემოციის დღეა. ცოცხალი კულტურის ამაღელვებელი ეპოზოდი.

ლელობურთი 2022 წელი: ფოტო wander-lush.org
– თუ გიფიქრიათ, როგორ შეიძლება გახდეს ლელოს დღე კიდევ უფრო სამახსოვრო და შთამბეჭდავი? რა ინოვაციურ ელემენტებს დაამატებდით?
– საინტერესო იქნებოდა, თუ თამაშის დაწყებამდე თეატრალიზებულად ასახავდნენ გურიის ისტორიას, გურული მხედრების გამოსვლით. შთამბეჭდავი იქნებოდა და გურული გასტრონომიული და კულინარიული კულტურის უფრო მრავალფეროვანი ჩვენებაც. ეს კიდევ უფრო გააღრმავებდა ემოციას.

ლელობურთი 2022 წელი: ფოტო wander-lush.org
ასე, რომ ვისურვებდით, ლელოს ცერემონიალს თეატრალიზებული ელემენტები დაემატოს: გურული მხედრობის დემონსტრაცია, ისტორიული რეკონსტრუქციები, ტრადიციული მუსიკისა და ცეკვების ცოცხალი შესრულება. ასევე, კულინარიული ფესტივალის ორგანიზება, სადაც ტურისტებს შეეძლებათ გურული გემოვნების სრული პალიტრის შემოწმება.

ლელობურთი 2022 წელი: ფოტო wander-lush.org
-რამდენად მნიშვნელოვანია ლელოს დღესასწაულისთვის გურული ტრადიციების შენარჩუნება?
– ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა გურული იდენტობის, ფესვების, წარსულის და სულიერი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.
-როგორ ფიქრობთ, რა დანიშნულება აქვს ლელოს დღესასწაულის გამართვას და რა ემოცია მოჰყვება სტუმრებს, როცა მათ ამ ტრადიციაში მონაწილეობა შეუძლიათ?
ეს დღე აცოცხლებს ტრადიციას. სტუმრები არამხოლოდ მაყურებლები, არამედ ამ სულიერი ცერემონიის თანამონაწილენი ხდებიან. ლელო ახლებურად აცნობს ადამიანს საკუთარ თავსაც, ისტორიასაც და ქართულობასაც.

ავტორი: შორენა მერკვვილაძე