,,კახეთი გადაიქცა შაბათ-კვირის მხარედ”, – ამის შესახებ რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელმა, გიორგი ალადაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა. მეურნეობის მმართველი იმ პრობლემებზე და ბალანსის არარსებობაზე საუბრობს, რაც ბიზნესს მომსახურების გაძვირებისკენ უბიძგებს, ხოლო ტურისტს სურვილი აღარ უჩნდება ქვეყანაში შემოვიდეს.
„ასეთი სურათია, უბრალოდ გადავიქეცით შაბათ-კვირის მხარედ, სადაც შაბათ-კვირას ჩამოდის ხალხი და ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც უფრო მეტ კომფორტს ნახულობენ, ასევე ხედავენ, რომ ფასი და კომფორტი დაბალანსებულია. ასეთი ადგილი კახეთში სულ რამდენიმეა, დანარჩენი გაკეთებულია მიბაძვით. ძალიან ბევრი სესხი გაიცა, ბევრი დაფინანსება იყო გაცემული იმ მიმართულებით, რომ კახეთში სტუმარმასპინძლობა უმაღლეს დონეზე ყოფილიყო აყვანილი.
აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან დიდ კრიზისში არიან ყველა. სადაც არ უნდა გაიხედო და ვინც არ უნდა მოიკითხო, ყველგან ისმის ერთი რაღაც – სეზონურად იხსნებიან, სეზონურად იკეტებიან, ელოდებიან მაისის დღესასწაულებს და ა.შ. ძალიან მაღალი ფასები გვაქვს მათთვის, ვინც ჩამოდის, რადგან საქართველოს აღიქვამენ ქვეყნად, სადაც იმდენი თანხის დახარჯვა არ სჭირდებოდათ, რაც ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ იღებდნენ იმ სიამოვნებას, რასაც ევროპაში მიიღებდნენ, მაგრამ უფრო იაფად. ასეთ შემთხვევაში უკვე ადამიანი მიდის ევროპაში და არა აქ. ვფიქრობ, უბრალოდ ვერ ვაძლევთ იმ სერვისს, რომელიც სჭირდება ადამიანს. როცა ადამიანი იხდის 250 ლარს, მან უნდა მიიღოს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში მას ასე სჯერა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, იმ 250 ლარად, რაც ჩვენ გვიჯდება, ვეძახით ადამიანებს დღიურად, გაშვებული გვყავს, მუდმივად ვერ ვამუშავებთ“, – განაცხადა ალადაშვილმა.
რაც შეეხება ბიოდინამიურ მეურნეობას, როგორც ის განმარტავს, მეურნეობა იმიტომ გადარჩა, რომ ადამიანები იქ ღვინის დასალევად ჩადიან.
„ბიოდინამიური მეურნეობა მეტ-ნაკლებად გადავარჩინეთ, რადგან ადამიანები ჩვენთან მოდიან ღვინის დასალევად და დანარჩენი სურთ შემდეგ. ხოლო ღვინოსთან ერთად გაშლილი სუფრა ჩემთვის ბიზნესი არ იყო, და ვიღაც თუ იძინებდა, ის მინიმალურ ხარჯებში გამოდიოდა. ამან გადაარჩინა. მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი დამოკიდებული მარტო სასტუმროზე, ვერ გადარჩებოდა ბიზნესი, დიდი ხნის დახურული იქნება. იყო დიდი პრობლემები, მათ შორის ბანკებთან, თუმცა უკვე ყველაფერი დაბალანსებულია, რადგან ღვინო გავაკეთეთ. ანუ როცა აქ მოდიხარ გაქვს ღამის გათენების საშუალება, თუმცა რეალურად, ღვინის გამო მოდიხარ“, – აღნიშნავს ალადაშვილი.
ის პრობლემიდან გამოსავლად სახელმწიფოს როლის გაძლიერებას მიიჩნევს. „სახელმწიფო უნდა დადგეს და ეს პრობლემა შეისწავლოს საგულდაგულოდ, უნდა მიხედოს სხვანაირად ამ პრობლემას და დამოკიდებული არ უნდა იყოს ციფრებზე. გამოცდილი პიროვნებებისგან შემდგარმა ჯგუფებმა უნდა შეისწავლონ ყველაფერი, რომ ეს დიდი კრიზისი გადავლახოთ. გვესმის, რომ აკეთებს რაც შეუძლია, მაგრამ სხვა ბევრი რამეა, მაგალითად ინფრასტრუქტურა, მისასვლელი გზები. ყველაფერი მისახედია, სწორად დასანახი და სწორად გასაკეთებელი“.
წამყვანის კითხვაზე, სახელმწიფოს როლში იგულისხმება თუ არა სუბსიდირება, ალადაშვილი პასუხობს, რომ ზოგადად, სუბსიდირება ყველაფერს აფუჭებს, მაგრამ სიკეთეები სწორად უნდა იყოს გათვლილი. მაგალითისთვის ალადაშვილს მოჰყავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მისი თქმით, სწორად უნდა იყოს გათვლილი.
მისი შეფასებით, მაქსიმალურად უნდა გაიხსნას ყველა ბაზარი და დაეხმარონ სტუმარმასპინძლობის ბიზნესს, რომ როცა სტუმარს ჩამოიყვანს, ჰქონდეთ საშუალება, რომ სასტუმრო სერვისი იაფი იყოს, თუმცა გვერდიდან ბიზნესმა ისეთი სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს, რომ მოგებაც დარჩეს.