ითხვისის ნაქალაქარის პირველი არქეოლოგია
ითხვისი ჭიათურის ულამაზესი სოფელია. სოფელში მოგზაურობისას, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში უძველესი ნაგებობების ნაშთებისა და საკმაოდ მოზრდილი გალავნის ფრაგმენტები ,აქ თითოეულ გოჯ მიწას თავისი ისტორია აქვს. ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც საუკუნეების წინ ადგილობრივებმა ნაქალაქარი შეარქვეს და ლეგენდის სახით აცოცხლებდნენ შორეულ წარსულში ამ ტერიტორიაზე მძლავრი და ძლიერი ქალაქის არსებობის ამბავს…
გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი, მოგზაური:
-ითხვისი ჩემი მშობლიური სოფელია და კარგად მახსოვს როგორ ცოცხლდებოდა ლეგენდა ნაქალაქარის შესახებ. 1962 წელს ამ სოფლის ტერიტორიაზე მანგანუმის საბადოს მოპოვების მიზნით, ახალი მაღაროს შექმნა დაიწყო (აქ გადაიღეს ქართული მხატვრული ფილმი „განგაში“). მუშაობის პროცესში, ყორღნის ფორმის შემაღლებულ ბორცვზე, ექსკავატორმა მდიდრულ სამარხს მიაკვლია. ყორღნის შესწავლის მიზნით კარიერზე მუშაობა შეწყდა. ბორცვის შეფასებაში არა მხოლოდ საქართველოს, საბჭოთა კავშირის ცნობილი არქეოლოგებიც კი ჩაერთნენ.

სამარხიდან საკაოდ მდიდარი, გვიან ბრინჯაოსა და ადრეფეოდალური ხანის არქეოლოგიური მასალა ამოიღეს… განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრინჯაოს ნივთების ჩამოსასხმელი ყალიბები; აღმოჩნდა ბერძნული კერამიკის ფრაგმენტებიც. ეს არქეოლოგიური მონაპოვარი წარმოდგენას ქმნიდა ითხვისზე, როგორც ნაქალაქარზე, რომელიც პირდაპირ ემთხვევა კოლხეთის სახელმწიფოს არსებობის პერიოდს – ძვ.წ. აღ. –ით VI-VI საუკუნეებს.

იმ დროს სულ 12 სამარხი გაითხარა. ერთ-ერთ სარკოფაგში, რომელშიც განისვენებდა წარჩინებული ქალი მოახლითურთ, უამრავი ნივთი აღმოჩნდა, მათ შორის, ძვ. წ.აღ-ით V საუკუნის II მეოთხედის ანტიკური შავი ფიგურებიანი კილიკი და შავლაქიანი ჯამი, ბერძნული წარწერით.
წარწერა მოგვიანებით გაიშიფრა, როგორც ,,მეტოს”. ეს არის ბერძნული დამწერლობის უძველესი მაგალითი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი აშკარად მიუთითებს ადრეანტიკურ ხანაში საქართველოსა და საბერძნეთის ახლო ურთიერთობაზე, რაზეც ხშირად საუბრობენ არქეოლოგებიც.

სამწუხაროდ ექსპედიცია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან იმ დროისათვის მანგანუმის მოპოვება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რაიმე სახის არქეოლოგიური კვლევა- ძიება.
ითხვისის ტერიტორიაზე,როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა გზით, წლების მანძილზე გრძელდებოდა მანგანუმის მოპოვება და გატანა. ამ ხნის მანძილზე, არა მხოლოდ ყორღნების ადგილი, უზარმაზარი ტერიტორია გადაითხარა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში კი მიტოვებული მაღაროს გვირაბები ჩამოიშალა…
p.s. ითხვისის ნაქალაქარზე კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს გიამბობთ…
ავტორი: შორენა მერკვილაძე