გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ITB China-ს ფარგლებში ჩინელი ტურიზმის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ITB China 2026
ITB China 2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენასთან ITB China-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის ტურიზმის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური გამართა.  

 ვიზიტისას ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაისში, ჩინეთში, შანხაიში დაგეგმილი ITB China-ს გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული სტატუსით წარდგენას. შეხვედრას 20-მდე ჩინური კომპანიისა და 40-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

„საქართველოში ვუმასპინძლეთ ჩინეთის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებს. 20-მდე ჩინელი ბაიერი საქართველოში 40 კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. ეს შეხვედრები ჩვენი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, სადაც ქართველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობები დაემყარებინათ და ესაუბრათ მომავალ ბიზნესზე. როგორც იცით, წელს ITB China პარტნიორი ქვეყანა ვართ. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება, რომელიც ჩინეთის ბაზარზე საქართველოს კიდევ ერთხელ სახელს გაუთქვამს და შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობა გავზარდოთ, ბიზნესს ხელი შევუწყოთ და ამით საქართველოში უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოვიზიდოთ“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ტურის ფარგლებში ჩინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ ძველ თბილისს, მცხეთას და მუხრანს. გაეცნენ კულტურულად საინტერესო ადგილებს, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.

„ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ITB China -ის გუნდთან ერთად ვესტუმრო საქართველოს. ჩვენი პლატფორმა ჩინეთში 100 მილიონზე მეტ მოგზაურს ემსახურება.

ჩვენს საიტზე უკვე განთავსებულია უამრავი სამოგზაურო ინფორმაცია საქართველოს შესახებ. საქართველო სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ჩინელ მოგზაურებში. მოველით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ქართულ მხარესთან. ვიცი, რომ საქართველო ITB China 2026-ის მასპინძელი ქვეყანაა. მოუთმენლად ველით შანხაიში საქართველოს წარდგენას“,-ამბობს სამოგზაურო პლატფორმა Qyer-ის წარმომადგენელი ლი ცუი.

წელს, 26-28 მაისს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China -ს პარტნიორი ქვეყანა იქნება.

პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.

ITB China 2026-ზე საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია, მუსიკალური პროგრამა და ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.

ITB China 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

გასულ წელს, ITB China 2025 -ს გამოფენას ჯამში 21 000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…