ღვინის სახლის არქიტექტურა გაცოცხლებული ქართული ტრადიციებია, კულინარიული მასტრეკლასები, „რთველის დღესასწაული“ და კრამიტით დალეული სადღეგრძელო, – ქართული თავგადასავალი „ველისციხურად“!
მარანი ველისციხური „ველისციხური“ მაია და სერგი ოქრუაშვილების ღვინის სახლია, გამორჩეული ისტორიით, ავთენტური გარემოთი და არაჩვეულებრივი ღვინის ფართო არჩევანით. გეოგრაფი და მოგზაური, გიორგი დვალაშვილიც გამორჩეულად კარგად იცნობს „ველისციხურის“ ისტორიას და მიმზიდველ გარემოს…
წლების წინ, სწორედ „ველისციხურიდან“ დაიწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილების კვლევა. შემოდგომაზე კი, გიდების ასოციაციის გასვლით ლექციასაც ხელმძღვანელობდა…
თუ თქვენც დაუვიწყარ და ემოციურ ქართულ თავგადასავალს ეძებთ „ველისციხური“ სწორედ, რომ სათქვენო ადგილი ყოფილა…
მარნის ისტორია 2019 წლიდან დაიწყო. მფლობელებმა, მეთვრამეტე საუკუნის მამაპაპისეული მარნის აღდგენის დროს, მიწით გადაფარული გვირაბი აღმოაჩინეს. ველისციხე ვაშლილ ვაკეზე გაშენებული სოფელია. ამ ტიპის გვირაბებს მტრის შემოსევების დროს თავდაცვის მიზნით იყენებდნენ.
მაიამ და სერგიმ, გვირაბს პირვანდელი სახე დაუბრუნეს და ვიზიტორებისთვის საინტერესო სანახაობად აქციეს.
ეს არის უზარმაზარი მიწისქვეშა სისტემა, მიწისქვეშა ლაბირინთებითა და ისტორიული არტეფაქტებით.
შთამბეჭდავია „ველისციხურის“ არქიტექტურაში შენარჩუნებული, დახურული ტიპის მარნისთვის დამახასიათებელი ტრადიციული შტრიხები და სამი უძველესი ბუხარი; ორსაუკუნოვან მრავალტონიან ქვევრებს შორის შემორჩენილი გაგრილების სისტემა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც მარანში მისულ სტუმრებს, ძველ ქართულ წესს გაცნობს.
ჩვენი წინაპრები, ქვევრებს შორის საგანგებოდ დატოვებულ სიცარიელეში ჩადგმული კრამიტის პატარა არხებით, ქვევრების გაგრილებას უზრუნველყოფდნენ. ღვინის სახლის გაცნობის შემდეგ, „ველისციხურის“ მამულებში დაკრეფილი ყურძნით დაყენებული ლეგენდარული ღვნოები უნდა დააჭაშნიკო და გემოს რეცეპტორებს მოარგო.
არჩევანი მრავალფეროვანია: რქაწითელი, ქისი, საფერავი, ხიხვი, ალადასტური- როგორც ქვევრის, ასევე ევროპული წესით დამზადებული. პურობისთვის სამზადისიც დაწყებულია.
ტრადიციულ კახურ სამზარეულოსთან ერთად, „ველისციხურის“ მარნის მენიუში, ბოზბაში და ხავიანი ნაზუქებიც გაგაოცებთ. თუ ხინკლის საკუთარი ხელით მოხვევას გადაწყვეთ და კახური დედას პურების თონეში ამოკვრისკენაც გაგიწევთ გული, თბილად მომღიმარი მასპინძელი, არც ამაზე გეტყვით უარს. ამასობაში, ბადექონში გახვეული სუკის მწვადებიც აშიშხინდება და ქართული თავგადასავლის ყველაზე ამაღელვებელი და გემრიელი მომენტიც ახლოსაა…
ქართული სუფრის კახურად გამართულ პურობას, განსაკუთრებულ ეშხს, მაინც „ველისციხურის“ საფირმო ჟესტი, – ღვინის კრამიტით დალევა მატებს. „ველისციხურში“ სტუმრობას თუ შემოდგომაზე გადაწყვეტთ, „შემოდგომის ზეიმში“ მონაწილეობა,დაუვიწყარ ქართულ თავგადასავალს ერთიორად გაგილამაზებთ.
რთველის მასტერკლასები – სექტემბრიდან ნოემბრის დასაწყისამდე იმართება. არჩევანი შენზეა, – ველისციხის მამულებში ყურძნის კრეფა, საწნახელში გამართული „ქორეოგრაფია“, თუ კახური ჩურჩხელების ამოვლება… სურვილის შემთხვევაში შეგიძლია მთელი დღესასწაულის გმირადაც იქცე.
გიორგი დვალაშვილის თვალით დანახული დაუვწყარი ემოციებით სავსე ღვინის გზა, ცალკე ქართული თავგადასავალია.
„ველისციხურისკენ“ მიმავალი ღვინის გზა, გამორჩეულად შთამბეჭდავი და ემოციური. გურჯაანის სავიზიტო ბარათი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებია. აქ უბრალო გასეირნებაც კი წარსულში გაბრუნებს და ყოველ ჯერზე, შენთვის ჯერ კიდევ უცნობ საქართველოს აღმოაჩენ. ველისციხის სავიზიტო ბარათი, – მე-6 მე-19 საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში აგებულ ტაძრებს და ისტორიულ ნაგებობეს აერთიანებს. თუ სოფლის სახელწოდების წარმოშობა დაგაინტერესებს, საინტერესო ლეგენდასაც მოგიყვებიან: ყვარლიდან გადმოსულ მონადირეებს ველზე აშენებული ციხე უნახავთ. ამ ადგილის სილამაზითა და სიმდიდრით იმდენად მოხიბლულან, საცხოვრებლად აურჩევიათ. ველზე გაშენებული ციხის მახლობლად დასახლებულ ხალხს, სოფლისთვისაც ველისციხე დაურქმევია.
შორენა მერკვილაძე