სერიიდან ყველის არქეოლოგია
გაიცანით კიდევ ერთი დერგი შულავრის და იმირის გორის ნეოლითური ნამოსახლარებიდან.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI ათასწლეული. როცა არც მეთუნეობის მბრუნავი დისკი ჰონდათ, არც სახელოსნოები და დიდი სავაჭრო ცენტრები, ასე ძერწავდა და ამკობდა ქართველი ქალი თიხის ჭურჭელს.
„დერგი ნაძერწია მსხვილმარცვლოვანი თიხისგან, რომელშიც გასამჭლევებლად შერეული აქვს ბაზალტი და ხვინჭა. სუსტადაა გამომწვარი. ქუსლიანი ძირით. პირზე ნუშისგულისებრი კოპები აქვს დაძერწილი. ეს დერგი სპეციალისტების მიერ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე ათასწლეულის ბოლო ხანებით თარიღდება.“
ამონარიდი ბუკლეტიდან „ქართული ყველის 80 საუკუნე“. ქართული ყველის მკვლევრის – ანა მიქაძე ჩიკვაიძის და დიდი მეცნიერების, -პაატა ბუხრაშვილის და თამილა ცაგარეიშვილის ერთობლივი პროექტი.
ყველის მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:
-კავკასიაში, განსაკუთრებით შულავერი-შომუთეფეს კულტურის არეალში, ნეოლითური კერამიკა მნიშვნელოვანი საკვლევი მასალაა იმისთვის, თუ როგორ ვითარდებოდა რძის პროდუქტების დამუშავება და შენახვა. დერგი ეთნოგრაფიულ ყოფაში ძირითადად ყველისა და მწნილის შესანახად გამოიყენებოდა. სავსებით დასაშვებია, რომ უძველესი მოსახლენი, ამ დერგშიც ყველს ინახავდნენ. რაც ადრეული მესაქონლეობის განვითარების ინდიკატორია.
მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში 2800 წლით დათარიღებულ საწური ვიპოვე. მინაბაძი გავაკეთებინე და თბილისში ჩამოვიტანე. მაშინვე მივიტანე ისტორიულ მუზეუმში. სასაცილოდ არ ეყოთ არქეოლოგებს, – ანა, ასეთი ჭკვიანი ქალბატონი ხართ და ხომ იცით, 2800 წელი ყველისთვის არაფერიაო. ჩამიყვანეს და მაჩვენეს უამრავი ჭურჭელი. რომლის ასაკიც ზუსტად 8000 წლიდან იწყებოდა. მათ შორის იყო ეს დერგიც.

საინტერესოა დერგის დასამზადებლად გამოყენებული ტექნოლოგია: მსხვილმარცვლოვანი თიხის, დანაყილი ბალაზტისა და ხვინჭის შერევა.
ფორმულა, რომელიც მტკიცე და შედარებით ფოროვან მასალას ქმნის, ხელს უწყობს ტენიანობის რეგულირებას და შიგთავსის შენახვას.
ავტორი: შორენა მერკვილაძე
რესპოდენტი: ანა მიქაძე