გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარმოებული კრაფტული ღვინო იაპონიის ბაზარზე გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს.
როგორც “ექიმის ბიო-მარნის“ დამფუძნებელი მარინა კაკიაშვილი-რუაძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, იაპონიის ბაზარზე პოზიციების გამყარებაში, რამდენიმე კვირის წინ ტოკიოში გამართული ბიომეღვინეების გლობალური გამოფენა დაეხმარა, საიდანაც რამდენიმე ახალი პარტნიორის მოძიება შეძლეს და ექსპორტთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი კონტრაქტიც გააფორმეს.
როგორც მეღვინე განმარტავს, იაპონიის ბაზრის მხრიდან დიდი ინტერესი ბიო-ღვინოს წარმოებას უკავშირდება, რის პოტენციალის ქართულ მეღვინეობაში დიდია და ამ ნიშით პოზიციების გამყარებას კომპანია მაქსიმალურად შეეცდება.
ამ ეტაპზე იაპონიის გარდა, “ექიმის ბიო-მარნის“ ღვინოები ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთშიც გადის. როგორც მარინა კაკიაშვილი-რუაძე აცხადებს, 2024 წლისთვის კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, განიხილება დამატებით, 2 ახალი ბაზრის დამატება იგეგმება, რომელთა შორისაც არის დანია.
კომპანიის წლიური წარმოება 3 000-4 000 ბოთლია. “ექიმის ბიო-მარანი ” 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს.. ესენია: საფერავი ტრადიციული ქვევრის, საფერავი ევროპულად დაყენებული, ხიხვი, რქაწითელი და ხიხვისა და რქაწითელის კუპაჟი.
“მესამე წელია, იაპონიაში გავდივართ, ჩვენთვის კარგად ცნობილი ბაზარია, სადაც ბიო-ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს. იაპონელი პარტნიორები დიდ უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს და ეს დამოკიდებულება ჩანდა გამოფენაზეც. არა მარტო ჩვენი, სხვა ქართული კომპანიების ღვინოებმაც დიდი ინტერესი გამოიწვიეს. ჩვენ კი დაგვეხმარა იმაში, რომ ცნობადობა უფრო მეტად გაიზარდა. შესაბამისად, ახალი პარტნიორების მოზიდვაც მოვახერხეთ. რამდენიმე ახალი ხელშეკრულებაც გაფორმდა. გამოფენა ამ მხრივ ძალიან ეფექტური იყო, მოლოდინს გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით, იაპონიაში ექსპორტი 50%-ის დონეზეა. ახალი პარტნიორული კავშირები კი გვაძლევს შესაძლებლობას, ეს მაჩვენებელი გავაორმაგოთ“, – აცხადებს მარინა კაკიაშვილი-რუაძე.
მისი ინფორმაციით, წელსვე იგეგმება კიდევ ერთი სახეობის, “როზეს” დამატება.
ცნობისთვის, “ექიმის ბიო-მარანი” კახეთში ქვევრის ნატურალურ ღვინოს ფაფრის მინდვრების მიკროზონის ყურძნისგან აწარმოებს. კომპანიის მიერ გაშენებული ვენახის მოცულობა 2 ჰექტრამდეა. ქართული ბრენდი ექსპორტზე 2021 წლიდან გადის.
რაც შეეხება ტოკიოს გამოფენას, RAW Wine Tokyo-ზე ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობდა.
როგორც წესი, გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
ტოკიოში გამართულ გამოფენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
bp.ge