„გვირაბის ჩაკეტვის გამო, 21-კაციანი ჯავშანი გაგვიუქმდა”

mestiis gza

„21-კაციანი ჯავშანი გაგვიუქმდა. გვირაბი რომ ჩაიკეტა შეეშინდათ და აღარ წამოვიდნენ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Hotel Mauntain Mestia-ს მფლობელმა ნათია ნაცარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის გზები გაწმენდილია, თუმცა ტურისტები მესტიაში ჩასვლისგან თავს იკავებენ.

„ხალხს შეეშინდა და 21-კაციანი ჯავშანი გაგვიუქმდა. გვირაბი რომ ჩაიკეტა, შეეშინდათ და აღარ წამოვიდნენ, რადგან ზვავი იყო ჩამოწოლილი. თუმცა, ეს ხალხი უყურადღებოდ მართლა არავის დაუტოვებია. ბუნებრივ მოვლენებს წინ ვერ აღვუდგებით, ხდება ასეთი რაღაცები. მაქსიმალურად აქცევდნენ ყურადღებას და როგორც კი შეძლეს, გახსნეს გზა და გამოიყვანეს.

ჩემი სასტუმროს შემთხვევაში, ახალ წელს 4 ოთახის სტუმრები დარჩნენ გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად იქ იყვნენ და იმ ღამეს ვერ შემოვიდნენ. უკვე 5 იანვარს შემოსასვლელი 21-კაციანი ჯავშანი კი გამიუქმდა. სამწუხაროდ, ეს ჯავშნები, არც გადადებულა, რადგან როგორც იცით, დასვენების დღეები 7 იანვრამდე გამოცხადდა და მაგ პერიოდში აპირებდნენ ჩამოსვლას. შესაბამისად, რადგან გზებზე პრობლემა იყო, გადაიფიქრეს. იგივე სიტუაციაში იყო ბევრი სასტუმრო, თორემ ჩვენ სრულიად მზად ვიყავით დასახვედრად. მეორე დღიდანვე გზაც გახსნილი იყო, მაგრამ მაინც თავი შეიკავა ბევრმა წამოსვლისგან.

ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ჩვენ პრობლემა არ შეგვქმნია, გენერატორიც გვაქვს. მხოლოდ რამდენჯერმე ჩაქრა, ესეც ბუნებრივი პირობების გამო. ახლა როგორც ვიცი, თვითონ მესტიაში არცერთი ადგილი უშუქოდ არ არის, თუმცა სოფლებში იყო პრობლემა, მოუგვარეს თუ არა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“,- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.

რაც შეეხება სეზონზე ჯავშნებს, მისი თქმით, დატვირთულობა გასულ წელს უკეთესი იყო.

„გასულ წელს 14 იანვრამდე ვიმუშავეთ, წელს 8 იანვრამდე გვაქვს მხოლოდ ჯავშნები. მერე უკვე თებერვალში ველოდებით დამსვენებლებს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ვფიქრობ ჯავშნების სიმცირე იმის ბრალია, რომ თოვლი არ მოვიდა დროულად და სათხილამურო ტრასები არ იყო გახსნილი,“ – აღნიშნავს Hotel Mauntain Mestia-ს მფლობელი

ნათია ნაცარაშვილის ინფორმაციით, წელს მესტიას ძირითადად ადგილობრივი, რუსი, უკრაინელი და ბელარუსი ვიზიტორები სტუმრობენ.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე, ზვავი ჩამოწვა, შესაბამისად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ზვავის გამო გვირაბში ჩარჩნენ მოქალაქეები, რომელთა გამოყვანა 1-ელ იანვარს მოხერხდა.

წყარო: bpn.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

Subscribe and get news

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები