სასტუმრო „ღვინის სასახლე“ 2017 წლიდან დღემდე, უცხოელ ვიზიტორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ევროპული სტანდარტების შესაბამისი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში საბურთალოზე, ბიძინა კვერნაძის ქუჩა 31-ში მდებარეობს. მოსახერხებელი მისასვლელია როგორც ქვეითი, ისე ავტომობილით გადადგილებისას და იმ მგზავრებისათვის, ვინც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს იყენებს.
33 ნომერს შორის, არის როგორც სტანდარტული, ასევე ლუქს ოთახები.
მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმებულ ინტერიერში კედლები მთლიანად ხელით არის მოხატული. სასტუმრო უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით. აქვს 70 კაციანი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ყველა საჭირო საოფისე ტექნიკითაა აღჭურვილი. სასტუმროს ჰყავს თავის გიდებიც და სურვილის შემთხვევაში, მათი თანხლებით შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობა.
დღესდღეობით თბილისის მასშტაბით უამრავი სასტუმროა, თუმცა, ალბათ ძნელია იპოვო ისეთი ადგილი, სადაც სასტუმროს სტუმრებს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია შენობაში არსებულ მარანს ესტუმროს და ალკოჰოლური სასმელი დააგემოვნოს. აქ ქართული ღვინის მრავალი სახეობაა დაცული და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის გამორჩეული არომატი იპოვოს.
როგორც სასტუმროს მფლობელი და დირექტორი გიორგი ჩხაიძე აცხადებს, ტრადიცია, რომელიც სასტუმრო „ღვინის სასახლეს“ სხვებისგან გამოარჩევს, გრძელდება და მის ყველა სტუმარს სასმელი (ღვინო, არაყი, კონიაკი) უფასოდ და ულიმიტოდ, 24 საათის განმავლობაში მიეწოდება. ასევე სასტუმროში მაცხოვრებლებს საშუალება აქვს ის 7 სახეობის ღვინო მიირთვან, რომელსაც გიორგი და მამამისი – აკაკი ჩხაიძე აწარმოებენ.
გიორგი ჩხაიძე:
– 2024 წლის მაისიდან, თბილისის სასტუმროებში სტუმრებმა შემოსვლა დაიწყეს. ტურისტების ნაკადის გაზრდას კიდევ ველით, რადგან ზაფხულის სეზონზე, ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი ბევრ ადამიანს სურს. ეს არამხოლოდ თბილისის სასტუმროებს, არამედ რეგიონებსაც წაადგება და უამრავი ადამიანი დასაქმდება.
კვირაში სამჯერ, ჩვენ სასტუმროში ღვინის დეგუსტაცია იმართება, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდება. ჩვენი სასტუმროს მაცხოვრებლებისთვის ეს შეხვედრები უფასოა. ამავდროულად ღვინის დეგუსტაციებზე ჩვენ მეგობარ გიდებს, სასტუმროში მოჰყავთ ყველა მსურველი, ვისაც ქართული ღვინის ისტორიის გაცნობა და სასმლის დაგემოვნება სურს. ასევე გეტყვით, რომ ნებისმიერ კერძო პირს აქვს საშუალება პირადად დამიკავშირდეს და ამგვარ დეგუსტაციებს სპეციალურად მისთვისაც ჩავატარებთ.
სასტუმროს ყოველდღიურ, ძირითად მენიუს შეადგენს ქართულ-ევროპული კერძები, რომლებიც სტუმრების გემოვნების გათვალისწინებით მზადდება. ჩვენ სასტუმროში ტურისტების გასტრონომიული კუთხით ინფორმირებაც ხდება და ეს სიახლეც დავნერგეთ. ჩვენი შეფ-მზარეული ყველა მსურველს უტარებს მასტერკლასს და ქართული კერძების დამზადებას ასწავლის.
როგორც უწინ, ისევე ახლაც, ტურისტებს რეგიონებში ვიზიტის სურვილიც უჩნდებათ. მათ ვგზავნი ჩემ მეგობრებთან და ვთანამშრომლობთ: ღვინის კომპანია შუმთან, ხარებასა და წინანდალთან. ჩემი სტუმრები სტუმრობენ შვიდამდე სხვადასხვა საოჯახო მარანს, რომელთა შორისაა: ზურაბ კვირიაშვილის საოჯახო მარანი, გიორგი სოლომნიშვილის, პონგინო ვაინი, სანდრო მილორავას, ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანი…
კახეთის მოვლა ერთ დღეში რთულია, ტურისტებს მინიმუმ 3 დღე მაინც სჭირდება რეგიონის დასათვალიერებელ-გასაცნობად და სტუმრებს ღამით გასათევი რომ ჰქონდეთ, მეტი სასტუმრო და ადგილი უნდა შევთავაზოთ. ამ კუთხით მეც ვაპირებ „ნაბიჯის გადადგმას“ – სამომავლოდ გეგმაში მაქვს კახეთში საოჯახო შატოს გაკეთება, ჩვენ სტუმრებს იქაც ისევე მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ, როგორც თბილისში სასტუმროში – „ღვინის სასახლე“.
(R)
ანა კალანდაძე