ღვინის სიმღერა მოგისმენიათ?

yaryara

ქართველების გამართული ლხინი, წარმოუდგენელიც კია საამო ჰანგების გარეშე და არც ღვინისგან ამღერებული ადამიანი გაგვაკვირვებს, მაგრამ ღვინის სიმღერა?  საინტერესოა არა? – მაშინ, ღვინის უცნაურ სასმისზე – ყარყარაზე გიამბობთ, რომელიც დიდებულთა ნადიმებზე, სულგანაბულ მეინახეთა ყურთასმენას, ღვინის უცნაურად მორაკრაკე ჰანგებით ხიბლავდა. 

ყარყარა, თავმომწონე დიდებულთა ვერცხლის სასმისია, მდიდრული იერით და მოგრეხილი ყელით. ამ უცნაურ სასმისზე ლეგენდაც არსებობს, – მეფე ერეკლეს, მტრის  თავდასხმის შესახებ, იმ დროს შეატყობინებს, როდესაც გამარჯვებას ზეიმობდა და ნადიმობა გაემართა. წინ ლამაზად ყელმოღერებული ვერცხლის სასმისი ედგა. ბრძოლის ჟინით ანთებულ პატარა კახს, სასმისი ხელში აუღია, ყელი მოუგრეხია და უთქვას,- მტერსაც ასე მოვუგრეხ კისერსო. „მოუგრიხა“ კიდეც და მტრის დამარცხების საამბოდ, ყარყარაც ყელმოგრეხილი დარჩა… 

ლეგენდა ლეგენდად დარჩეს. ჩვენ, ყარყარას ამბავი გავაგრძელოთ.  მაინც, რა ამღერებდა ყარყარაში მოქცეულ ღვინოს? – სასმისის უცნაური მოყვანილობა, ძუნწად აწვდიდა სასმელს და  დალევის დროს წამომოქმნილი ჟღერადობა „კარ-კარ-კარ“,  „სიმშვენიერით მოსილ სანუკვარ სმას“ ახანგრძივებდა. ყარყარაც ამიტომ დაერქვა…

ყარყარა სამეფო ჭურჭელეთა რიგს მიეკუთვნებობდა და მის უბადლო ოსტატებად, თბილისელი ოქრომჭედლები ითვლებოდნენ. ეს უცნაური სასმისიც, თბილისური სუფრებისთვის იყო დამახასიათებელი და მის სამშვენისს წარმოადგენდა. 

ქართველებს კიდევ გვაქვს საღვინე სასმისები, რომელებმაც ღვინო არა დიდებულთა საამებლად, უბრალო გლეხკაცისთვის აამღერეს. ხომ არ იცით,  ღვინის რომელ სასმისებზეა საუბარი?

შორენა მერკვილაძე

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები