გაიცანი ვაზის ველური წინაპარი!

krikina veluri vazi

მოშინაურებამდე და გაკულტურებამდე, ვაზს წინაპარი ჰყავდა — ველური ვაზი, იგივე „უზურვაზი“. შორეულ საუკუნეებში, როდესაც ადამიანი ბუნებასთან ყოველდღიური კავშირით ცდილობდა თავის გატანას, ველური ვაზიც და მისი მარცვლებიც შენიშნა. არავინ იცის, პირველად ვინ ან როგორ დააყენა ველური ვაზის მარცვლებისგან ღვინო, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა მისთვის ჯერ კიდევ უცხო ნაყოფის დადუღების პროცესი შენიშნა და ნელ-ნელა ტყე-ღრეში ველურად აღმოცენებული მცენარის მოშინაურებაზე დაიწყო ფიქრი.

krikina veluri vazi
ველური ვაზი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორია – (Vitis silvestris Gmel).

საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი — გარეული ვაზი, კრიკინა (უზურვაზი), რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც ენდემური სახეობა. კრიკინა ველური ვაზის ერთ-ერთი სახელწოდებაა. ის ერთ-ერთი ძველი სახელიცაა ამ მცენარისთვის, რომელიც სულხან-საბა ორბელიანს მოხსენიებული აქვს 1715 წელს შედგენილ „ლექსიკონ ქართულში“ (ორბელიანი, 1991).

კრიკინა ვაზის მთავარი დამსახურება მისგან კულტურული ვაზის ჯიშების გამოყვანაა. მან, როგორც ვაზის კულტურული ჯიშების წინამორბედმა, დასაბამი მისცა საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის სელექციას. ველური ვაზის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ ეპიზოდურ ინფორმაციებს ვხვდებით. ამ ფრაგმენტებში მაინც იკითხება ჩვენი ეთნოგრაფიული წარსული.

ველური ვაზი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილა გავრცელებული. ველური ვაზი, გარეული ვაზი, ტყის ვაზი — ასე იცნობდნენ უზურვაზს ძველ საქართველოში. ველური და გარეული ტყის ბინადარი, კენწეროებამდე სწვდებოდა მაღალ ხეებს. ბუნების ამ ხელთუქმნელი საოცრების ხილვამ არაერთი უცხოელი მოგზაურის გაოცება და აღტაცება გამოიწვია. ქართველმა კი, შორეულ წარსულშივე შენიშნა მისი მთავარი ღირსება, ტყიდან საკარმიდამო მამულში გადმოიტანა, მოიშინაურა და ჟამთა სვალასთან ერთად შექმნა ჯიშური მრავალფეროვნება.

ველური ვაზი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი. სახელები მართლაც ბევრია, თავისი ვარიაციებით… ამიტომ, ჩამოვთვალოთ:

კრიკინა — ვაზი კრიკინა, კირკინა, კირკენა, კრიკენა;

ბაბილო — ტყის ბაბილო, მთის ბაბილო;

მორცხულა — მორცხვილი, მოცხარი, მენცხერო, ომცხვარო;

ბრძღუამლი — ბურზღუმი, ბურზღუმ, ბერზღუმი, ბურძღუმი, ბურძღუმლი;

ძღვამბლი — ძღვამლი, რძღვამლი, ზღვაბლი, ბრძღვამლი, ძღვლამი, რძღვლამი, ზღვამილა.

ავტორი: შორენა მერკვილაძე

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები