UEFA -მ საქართველოს ნაკრების ფანებისთვის თითო თამაშზე 10 000 ადგილი გამოიყო, მაგრამ მსურველი, 10-ჯერ მეტი,დაახლოებით 100 000-ზე მეტი იქნება – ამის შესახებ ‘’ბიზნესპარტნიორთან“ გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, მამუკა კელაურაძე აცხადებს.
მისი ინფორმაციით, ბილეთებზე მოთხოვნა კატასტროფულად მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება ამიტომ წინასწარ ძნელია თქმა, დორტმუნდის ფეხბურთის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების ფანებისთვის განკუთვნილ სექტორში ქართველი ფანები როგორ შეძლებენ მოხვედრას, რადგან მოლოდინი რეალურად ბევრს გაუცრუვდება.
ცნობილია, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება და UEFA -ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება.
‘’როგორც UEFA აკეთებს ხოლმე, ბილეთები გათამაშების ფორმატით, ლატარიის პრინციპით გაიყიდება. ცხადია, ადგილები ქართველი ფანებისთვის საკმარისი არ არის. ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების, ასევე თურქეთის ნაკრების გულშემატკივრებისთვის 10 000 ადგილი გამოიყო. დანარჩენ ადგილებზე იქნება არნახული მოთხოვნა და ბილეთების ფასები გაიზრდება. თითო ბილეთის რეალური ფასი 30 ევროდან მაქსიმუმ 250 ევრომდეა. თუმცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად მკვეთრად გაძვირდება. არ მგონია, ზღვრულ მაჩვენებელს გადააჭარბოს, ეს არის 300 ევრო, რაც შეიძლება 30 ევროიანი ბილეთი ღირდეს. ყველაზე მეტად სწორედ იაფი ბილეთების კატეგორია ძვირდება, განსაკუთრებით, როცა ბილეთები გადამყიდველების ხელში აღმოჩნდება. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შედარებით ადვილად იშოვიან ბილეთებს და გაყიდვა მოუნდებათ“, – აცხადებს მამუკა კელაურაძე.
მისი თქმით, როგორც კი ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებული სიტუაცია გაირკვევა, ავიაბილეთებზეც მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ – თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი” – საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ – საქართველო-პორტუგალია.
bp.ge