Financial Times-ის ინფორმაციით, თუ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო მიმოსვლა სრულად არ აღდგება, ევროპული აეროპორტები შესაძლოა ავიასაწვავის კრიტიკული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.
აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI Europe) ევროკომისიას უკვე გაუგზავნა გაფრთხილება მოსალოდნელი „სისტემური დეფიციტის“ შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში იჩენს თავს.
ნავთობპროდუქტების მიწოდების შეფერხება 28 თებერვალს აშშ-ის, ისრაელისა და ირანის მონაწილეობით დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია.
საზღვაო მიმოსვლის პარალიზებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა დღიურად 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 5 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, ავიასაწვავის გლობალური ფასის ინდექსი 110 პროცენტით გაიზარდა და ერთ ბარელზე 209 დოლარს მიაღწია.
განსაკუთრებით მოწყვლადი აღმოჩნდა ევროპის რეგიონი, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მიღებულ რესურსზე.
ამ დროისთვის ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში საწვავის ფასი ბარელზე 216.9 დოლარამდეა გაზრდილი.
იტალიის ზოგიერთმა აეროპორტმა საწვავის მოხმარებაზე შეზღუდვები უკვე დააწესა, ავიაკომპანიები კი მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი რეისები ევროპის მასშტაბით შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს.


