შვიდი წლის წინ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან აუქციონზე გასაყიდად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კურორტი ლიბანი გამოიტანა. 5 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს „ჯიენდიმ“ ვალდებულებებით 1 003 000 ლარად იყიდა.
შპს „ჯიენდი” კომპანია „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას” შვილობილია, რომლის 100%-იან წილს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED ფლობს.
2018 წლის მარტში შეძენილი ქონების საპრივატიზაციო ვალდებულება, 8 000 000 ლარის ინვესტიციით მინიმუმ 70 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო.
„რამდენიმე წელიწადში დამსვენებლებს მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში – ამპირის სტილში აშენებული, განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სულ მცირე 70 ნომრის მქონე სასტუმრო უმასპინძლებს. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება რესტორანი, ღია და დახურული ტიპის აუზი და 40 ავტომობილზე გათვლილი საკუთარი ავტოსადგომი. სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს“, – აცხადებდნენ ეკონომიკის სამინისტროში.
დათქმულ ვადაში კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რაც პანდემიას „დაბრალდა“ და სახელმწიფომ დავით ხიდაშელის კომპანიას ვადა 2024 წლის აპრილის ჩათვლით გაუხანგრძლივა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა შპს „ჯიენდიმ“ ვალდებულება ვერც ამჯერად შეასრულა და სახელმწიფომ გასხვისებული ქონება უკან დაიბრუნა.
2024 წლის ზაფხულში, საჯარო რეესტრმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და „უძრავ ნივთზე გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია“ განახორციელა, რის საფუძველზეც კურორტი „ლიბანი“ ისევ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.
კურორტი „ლიბანი“ ერთადერთი ქონება არ არის, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს დაუბრუნა. ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიის HG Capra Caucasica-ს მიერ მიღებული რაჭის ტყეების 49 წლიანი ლიცენზია, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ძალადაკარგულად გამოაცხადა.
როგორც სააგენტოში აცხადებდნენ, 2022 წელს გაცემული ლიცენზიის ვალდებულებებს კომპანია ვერ ასრულებდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი სახელმწიფომ უკან წაიღო.
თუმცა თავად ბიზნესმენი „კომერსანტთან“ ამბობდა, რომ საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. „თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა „კომერსანტთან“.
ცნობისთვის, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის საკუთრებაში ამ დრომდე რჩება თბილისში მდებარე რიყის დოქები და კურორტი „ახტალა“.
commersant.ge