ჩინური ბაზრისთვის სერვისების შესათავაზებლად ახალი პროგრამის დანერგვა გახდება საჭირო, მათ შორის გიდებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ‘’ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე აცხადებს. მისი თქმით, ჩინეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის დიდი შესაძლებლობაა, რასაც ქვეყანაში შესაბამისი სერვისი უნდა დახვდეს.
‘’საქართველოში ჩინურენოვანი გიდების დიდი სიმცირეა. ამ დროს ცნობილია, რომ ეს სეგმენტი ჩინური ენის გარდა, სხვა ენებზე გამართულად ვერ საუბრობს. შესაბამისად, გვჭირდება ბევრი ჩინურენოვანი გიდი, რომ მომსახურების კუთხით პრობლემა არ შეიქმნას. ცხადია, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რასაც ქვეყანა მრავალმხრივ მომზადებული უნდა დახვდეს. პირველ რიგში, გიდების საკითხი უნდა მოგვარდეს. სახელმწიფოსთან ერთად ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რათა გარკვეული პროგრამები დაინერგოს ჩინურენოვანი გიდების მოსამზადებლად. საჭიროა ძალიან მიზნობრივი და სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის შექმნილი ტურისტული სერვისები, რომელიც მაღალმხარჯველ ტურისტებს მოიზიდავს“, – აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე.
bp.ge