2025 წლის 2-6 აპრილს, თბილისში, „SITFY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა)“ გაიმართება, რომელიც 15 ქვეყნის თეატრალურ დასს და წარმომადგენელს უმასპინძლებს. ფესტივალი საკონკურსო ხასიათისაა და წარმოდგენილი იქნება ორკაციანი სპექტაკლები (დუოდრამები), რომელთაც სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები 6 აპრილს, სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან.
ფესტივალში მონაწილეობენ: საუდის არაბეთი, რუმინეთი, კატარი, ომანი, თურქეთი, იაპონია, უნგრეთი, საქართველო, ტუნისი, ბაჰრეინი და სხვა. თითოეული დასი 1-საათიან სპექტაკლს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ერთხელ შესრულდება.
ფესტივალი 2 აპრილს თუმანიშვილის თეატრში, 19:00 საათზე გაიხსნება, ხოლო დახურვა 6 აპრილს, 18:00 საათზე, სოხუმის თეატრში გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SIFTY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).
ფესტივალი თბილისის მერიის, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟით და აგრეთვე, ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ბილეთების შეძენა: Tkt.ge
ფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდება სოხუმის თეატრის, თუმანიშვილის თეატრისა და ITI ფეისბუქ-გვერდებზე.