საქართველოში აპიტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია და ამ დარგით შესაძლებელია ტურისტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან დაინტერესდნენ – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს.
მისი შეფასებით, აღნიშნული სერვისის პოტენციური მომხმარებელია ყველა, ვინც ეკოტურიზმის მიმდევარია. ამის საშუალებას კი ბუნება და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა. არსებული პოტენციალით კი შეიძლება დაინტერესდეს მთის რეგიონის მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა.
აპიტურიზმი ტურისტული ინდუსტრიის შედარებით ახალი სექტორია, რომელიც ითვალისწინებს მეფუტკრეობაში რეკრეაციის მიზნით ტურისტული ჯგუფების მოგზაურობას დასვენების, ხშირ შემთხვევაში კი, ცენტრიდან მოშორებულ ტრადიციულ დასახლებებში ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გაცნობას.
მეფუტკრე ტრენერი ფიქრობს, რომ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მთავრობის ხელშეწყობა, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას და გზამკვლევების მოწყობას გულისხმობს.
რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციას, 30-მდე ჩამონათვალია, რის დამზადებაც მეფუტკრებს შეუძლიათ, როგორიცაა, დიდნგელი, ფუტკრის რძე, ჭეო, ცვილი, ფიჭიანი თაფლი, ფუტკრის შხამი, თაფლზე დამზადებული ვაშლის ძმარი და სხვა.
გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული სქემა, როგორ შეიძლება დარგი განვითარდეს, ვარდოსანიძის განმარტებით, პირველ რიგში უნდა მოეწყოს სანიმუშო, სადემონსტრაციო საფუტკრეები და გადამმუშავებელი საწარმოები განვითარდეს.
ტურისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმოების ნებისმიერ პროცესს დაესწრონ და თვითონვე მიიღონ მონაწილეობა, დაახლოებით მასტერკლასების დონეზე.
,,მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლი არ არის, უამრავი პროდუქტის წარმოება ადგილზევე არის შესაძლებელი. ამისთვის, სწორად უნდა განვითარდეს დარგი და ის საშუალებები, საიდანაც შეიძლება შემოსავალი მივიღოთ. ცხადია, ამას თბილისში ვერ გააკეთებ, მაღალმთიან რეგიონში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგვიძლია აპიტურიზმი მაღალ დონეზე განვავითაროთ. რაც მთავარია, ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ ამ საქმით ოჯახის შენახვა და ბიზნესის მოწყობა შეიძლება. მნიშვნელოვანია, მოეწყოს ინფრასტრუქტურა, გაკეთდეს გზამკვლევი, მინიშნებები, რომ ყველა ლოკაცია ადვილად მოიძებნოს და გიდებს აღმა-დაღმა სირბილი არ უწევდეთ“, – აღნიშნავს ვლადიმერ ვარდოსანიძე.
ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რამაც შეიძლება დარგის განვითარება შეაფერხოს, კადრების დეფიციტია.
ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000-ზე მეტი მეფუტკრეა.