გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

Air Astana ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Air Astana
Air Astana

27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს – ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ატირაუ-თბილისს შორის ავიამიმოსვლის დამატება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია.

„ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა საქართველოსთვის, აქტიურად ხდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ყაზახეთიდან კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსაყვანად და აღსანიშნავია, რომ ძალიან წარმატებული იყო გასული წელი ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების კუთხით. სასიხარულოა, რომ „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“ დაფრინავენ როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში და გვემატება ახალი მიმართულება ატირაუდან, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178 930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ყაზახური ავიაკომპანიების წილმა კი ბაზრის 3,9 % შეადგინა.

„ყაზახური ავიაკომპანია ახალ მიმართულება ამატებს და დამატებით სიხშირეებს განახორციელებს გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადებს, შემოიტანს მეტ ტურისტულ დანახარჯებს და გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ მცირე, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.

ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს. Air Astana ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს 5 ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.

ატირაუ-თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…