2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო.
ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, 2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ამასთან, 2024 წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების ზრდამ დაახლოებით 8.5%-ი შეადგინა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდაა ყველა იმ მიზნობრივ ბაზარზე, სადაც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობს მარკეტინგული კამპანიების, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მხარდაჭერის მიმართულებით.


