მგზავრთნაკადის მატების ფონზე ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში. ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ თბილისის ტერმინალებისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა გაფრენის ტერმინალის საპასპორტო შემოწმების ზონაში. აღნიშნული სივრცე 61%-ით გაფართოვდა (710 მ2-მდე), საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა კი ამავე ზონაში 18-იდან 26-მდე გაიზარდა, რაც 44%-იანი მატებაა. ასევე, გაფრენის ტერმინალში Primeclass Lounge-ის ფართობის 84%-ით გაზრდასთან ერთად აეროპორტის სერვისებს დაემატა სწრაფი გასასვლელი (Fast Track), რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გაიარონ უსაფრთხოების და საზღვრის კონტროლი.
36%-ით გაფართოვდა (925 მ2-მდე) მოფრენის ტერმინალის საპასპორტო შემოწმების ზონა. ამავე ზონაში საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა 18-დან 26-მდე გაიზარდა, რაც 44%-იანი მატებაა. ტერმინალის შიდა სივრცეში ინტეგრირდა შენობის უფუნქციო ტერასებიც.
ასევე, მგზავრებისთვის კომფორტის შესაქმნელად და აეროპორტის ოპერაციული პროცესების გასაუმჯობესებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდა სრულიად ახალი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები.
რაც შეეხება ტერმინალების მიმდებარე ტერიტორიას – სამგზავრო ტერმინალის წინ განახლდა გზის ხელოვნური საფარი 7700 მ2 ფართობზე. ასევე, მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცეები. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 1100 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის ზონებია.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.