რატომ იმართებოდა ჯვარბოსელში გუდის ყველის შეჯიბრი?

gudis kveli

ამბობენ, საუკეთესო გუდის ყველს 2 სმ სისქის ნაცრისფერი ქერქი და შემდეგ – ჩაერბოებული თვლები უნდა ჰქონდესო…

გუდის ყველის მოყვარულებო, ეს ამბავი აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ქართული ყველის მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

– გუდის ყველი ქერქიანი ყველების კატეგორიაში გადის. მართალია, თვეობით დევს გუდაში თავისსავე გამოყოფილ შტარში, მაგრამ დავარგების პროცესში იკეთებს ქერქს და დაიყრის ძალიან ბევრ თვალს (სამწუხაროდ, დღეს გუდის ყველს ძირითადად, პოლიეთილენის პარკებში ინახავენ და ბევრი საგემოვნო თვისება დაკარგა, რაც ტრადიციულ გუდას ჰქონდა, მაგრამ ორი თითის ოდენობაზე მაინც ედება ნაცრისფერი ქერქი). 

თვლებიანი ყველია საერთოდ, რადგან ზაფხულში მზადდება და სიცხე იძლევა თვლების გაკეთების საშუალებას. შუაგულისკენ ქარვასავით ცხიმს იგროვებს. 

რამდენიმე მთხრობლელმა მიამბო, სოფელ ჯვარბოსელში ყველა სარქალი მოიყრიდა თავს და თავს იწონებდა თავისი გაკეთებული გუდის ყველით. მათთან ერთად მთელი საქართველოდან ადიოდნენ მოვაჭრეები გუდის ყველის შესაძენად და შეჯიბრება იმართებოდა:

ამოირჩევდნენ დიდ ლოდებს, გამოიტანდნენ თავ-თავიანთ ყველის თავებს და ზედ რიგრიგობით, საზამთროსავით დაანარცხებდნენ; რომელი ყველიდანაც ქარვისებური კარაქიანი გული ამოვარდებოდა, საუკეთესო ყველადაც ის მიიჩნეოდა.

გამარჯვებულად ითვლებოდა ყველაზე დიდი ის გუდის ყველი, რომელიც ამ სამი შრით – ნაცრისფერი კანით, დიდი თვლებითა და ქარვისებური გულით – გამოირჩეოდა. 

მის ხელში ჩასაგდებად იმართებოდა დიდი შეჯიბრება და ყველაზე ძვირადაც ასეთი ყველი იყიდებოდა.

სამწუხაროდ, დღეს ეს ტრადიცა დაკარგულია

ავტორი: შორენა მერკვილაძე

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები